ვაჟა-ფშაველა – „ეშმაკის მონოლოგი”

„ – სიმართლე და სიმართლე! სულ სიმართლე აკერია ენაზე!

ნაზარეველო, მოვკლავ მე შენს სიმართლეს!”

* * *

„არ იქნეს აღსრულება შენი კაცთა შორის არაოდეს, არამედ იტანტალოს დედამიწაზე ისე, როგორც ქარმა, რომელიც დაჰქროლებს, შეარხევს ხეებს, ბალახს, თმასა და წვერს ადამიანისას, კალთას მის ტანსაცმლისას და გაივლის, გაჰქრება, არ დასტოვებს არსად კვალს. იესო ნაზარეველო, მეუფევ ურიათა! მე მუდამ ზად ვიქნები გადავეღობო წინ შენს მოძღვრებას, ვაკვეცო მას ფრთები; უწყიდე, რომ ჩემი ცალი ბრჯღალი მუდამ იქნება ჩაჭიდული ადამიანის გულზე, რათა ჩამოვფხიკო ის ჭუჭყი, რომელიც მიეკვრის მას შენის მოძღვრების წყალობით. უწყიდე ეს, უწყიდე კარგად!”

* * *

„ – არა, არა! როგორ სწადიან, რომ დამყარდეს სიმშვიდე, – მოწყალებამ დაამშვიდოს უკმაყოფილო და ჩამოვარდეს სიყვარული! ტყუილია, არ იქნება! მაშ მე სადღვა ვარ? ჩავუდებ ადამიანს გულს ქვისას, არ იცოდეს მან შეწყალება, არ მიეკაროს გრძნობა სიბრალულისა, გავამხეცებ მის ბუნებას, რომ არც იწყალებდნენ კაცნი ერთმანეთს, ძლიერი თავის ძალას მეტის ნაყოფიერებით ავარჯიშებდეს უძლურთა ქედსა და ზურგზე, რათა განმტკიცდეს მეუფება ჩემი!”

* * *

„არსად არ დავამშვიდებ არავის. ნუ გგონია, ნაზარეველო, ნუ! შევქმნი ცხოვრების ისეთს პირობებს, არ იყოს არსად სიმშვიდე, – სტაცებდეს, არბევდეს ერთი მეორეს, იყვნენ გლახაკნი და მდიდარნი, მაძღარნი და მშიერნი ხორციელად და სად იქნება მაშინ სიმშვიდე? არსად. ვინ დაიმკვიდრებს მაშინ ქვეყანას? არავინ. მხოლოდ მე. მაშინ დამკვიდრდება ქვეყანაზე ჩემი მეუფება”.

* * *

„ – სტყუვდები იესო! ვერ შესძლებ განახორციელო ვერც ერთი მუხლი შენის მოძღვრებისა. ვამბობ ამას მე, რადგანაც ვუწყი და ვიმედოვნებს, მთელი შენი მოძღვრება დავამხო ძირს; მოვმართავ ქვეყნის გონების ჩარხს ისე, რომ ყველა ამბობდეს: „რაც სთქვა იესომ, სათქმელია ადვილად, ხოლო საქმნელად ძნელიო”.

* * * * * * * *

ეპილოგი:

„ – განვედ, მაცდურო სატანავ, ჩემგან! წყეული ხარ შენ ღვთისაგან და წყეული იქნები მუდამ ადამიანთა მიერ! საბრალოვ, საწყალო არსებავ! მუდამ თავისთავის მტანჯველო, მუდამ მქნელო ცოდვის, სიბნელის! ბნელეთის ქურუმო, განვედ! სიცოცხლე ჩემი არს დაუსრულებელი, ხოლო შენი – წუთიერი. რის იმედი გაქვს, რისა, საცოდავო? ნუთუ არ იცი, რომ სახლს, რომელსაც აშენებს ღმერთი, შენ ვერ დაანგრევ? იცი, კარგად იცი, მაგრამ სჯიუტობ, რეგვენო! სიკერპე გონებისა და სირეგვენე გიშლის, შეიგნო სიმართლე, მიჰხვდე, რომ პირველად ყოვლისა ხარ თავისთავის მტერი! მტრობა შენი ადამიანთადმი მოგიძღვნის მხოლოდ წყევლას და შეჩვენებას, თვით იმათგანაც კი, ვინც შენს გზაზე დადის, ვინც შენს რჩევას უგდებს ყურს, – ვისაც მოეწამლა ფიქრი და გრძნობა შენის გესლით, თვით ისინიც კიმოგაფურთხებენ, როდესაც დაუკვირდებიან თავიანთ საქმეთა და ხმა ჩემი, შთანათესი იმათ გულში, დაუდგებათ თვალწინ…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>