გოლდა მეირი – „ეპიზოდი”
„ისრაელის დედად” წოდებული ებრაელი პოლიტიკოსი და ქვეყნის რიგით მე-5 პრემიერ-მინისტრი – გოლდა მეირი (1898-1978 წლები), საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ რკინის ნებისყოფისა და მტკიცე ნებისყოფის მქონე ქალბატონი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მის აღნიშნულ თვისებებს ბიოგრაფები უპირველეს ყოვლისა გოლდას ბაბუას (მამის მხრიდან) უკავშირებენ, ვინაც თავის დროზე ერთობ რელიგიურ ოჯახში იქნა აღზრდილი. მკაცრი რელიგიური დოგმებით აღზრდილ მეირის ბაბუას (გვარად მაბოვიჩს) 13 წლის განმავლობაში მოუხდა რუსეთის მეფის არმიაში სამსახური, რა დროსაც თავისი იუდეური რწმენის გამო, იგი ყოველთვის დაცინვისა და გაპამპულავების ობიექტად იყო ქცეული. სამხედრო ნაწილის მეთაურობა მთელი ამ ხნის განმავლობაში დაშინებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების გზით ცდილობდა მას თავის სარწმუნოებაზე უარი ეთქვა და ქრისტიანად მოქცეულიყო, თუმცა სულით უდრეკი მაბოვიჩის გატეხვა მაინც ვერ შესძლო. ის კი არადა, მაბოვიჩი გამუდმებით და საგულდაგულოდ იცავდა ებრაული რელიგიური დიეტური კანონების სრულ კომპლექტს. კომპლექტს, რომელსაც – „კაშრუტი” ეწოდება. შედეგად იგი 13 წლის განმავლობაში მხოლოდ პურითა და ბოსტნეულით იკვებებოდა.
შედეგად, სამხედრო ნაწილის მეთაურობა გოლდა მეირის ბაბუას ხშირად სჯიდა სხვადასხვა სახის ერთობ მკაცრი სასჯელით. ასე მაგალითად: საათობით ამყოფებდა მუხლებზე დაჩოქილს ქვის იატაკზე…
მიუხედავად ამისა, მაბოვიჩის „მორჯულება” მაინც შეუძლებელ მოვლენად ექცათ რუსული არმიის ოფიცრებს.
სამხედრო სამსახურის დასრულებისა და სახლში დაბრუნების შემდგომ, იგი მაინც მოიცვა უკიდურესმა შიშმა იმისა, რომ სათანადოდ ვერ შესძლო იუდეველთა კანონების დაცვა, რამაც ცოდვაში ჩააგდო. იმისათვის, რომ თავისი ცოდვა გამოესყიდა, მაბოვიჩი წლების განმავლობაში მხოლოდ ხის სკამზე იძინებდა ადგილობრივ სინაგოგაში. ძილის დროს კი, ბალიშის ნაცვლად ყოველთვის ქვას იყენებდა, რამაც საბოლოო ჯამში მას ჯანმრთელობა შეურყია. შედეგად, გოლდა მეირის სულით უდრეკი ბაბუა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.
ამბობენ, რომ გოლდას ბაბუა არ ყოფილა მის ჯიშსა და ჯილაგში ერთადერთი ადამიანი, ვინაც ეგზომ ურყევი და გაუტეხელი სულით იყო გამორჩეულიო. რკინის ნებისყოფით ასევე გამორჩეული ყოფილა გოლდას ბებიაც (დედის მხრიდან), ვისაც ძალიან უყვარდა თურმე ბატონობა და მბრძანებლობა. – (ავტორი გენია.ჯი)