კონრად ადენაუერი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველ კანცლერს - კონრად ადენაუერს (1876-1967 წლები) პირველივე ოფიციალური შეხვედრის დროს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იოსებ სტალინის მარჯვენა ხელმა – ვიაჩესლავ მოლოტოვმა ერთმნიშვნელოვნად ჰკითხა: „ – როგორ დაუშვით ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლა?” – ალემანი პოლიტიკოსი დასმულ შეკითხვას უხერხულში ნამდვილად არ ჩაუგდია. მან საბჭოთა დიპლომატს დაჟინებულად გაუმართა მზერა და მრავლისმეტყველად უპასუხა: „ – სხვებისაგან განსხვავებით, მე არასოდეს ჩამომირთმევია ხელი მისთვის”. ამ შემთხვევაში მას სწორედ რომ კითხვის დამსმელი მოლოტოვი ჰყავდა მხედველობაში, რადგან თავის დროზე ვიაჩესლავს რამდენიმე „გულთბილი” პირადი შეხვედრა ჰქონდა ფიურერთან გამართული.
და მართლაც: ადენაუერი ქალაქ კიოლნის ბურგმინისტრის პოსტს იკავებდა მანამ, სანამ ხელისუფლებაში ნაცისტური რეჟიმი გაბატონდებოდა. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება გერმანიაში ჰიტლერმა აიღო ხელში, მან პირადი ინიციატივით მალევე დატოვა თანამდებობა, რადგან საშინლად სძულდა როგორც რაიხსფიურერი, ისე მის მიერ გაბატონებული ნაციონალ-სოციალიზმი. ცნობილია ისიც, რომ 1933 წლის 17 თებერვალს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც კონრადს ჯერ კიდევ კიოლნის ბურგმინისტრის პოსტი ეკავა, ქალაქს ჰიტლერი ეწვია. მან ქვეყნის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრას დემონსტრაციულად აარიდა თავი, რაც იმაში გამოიხატა, რომ აეროპორტში ადოლფთან შესახვედრად პირადად კი არ გამოცხადდა, არამედ იქ თავისი თანაშემწე მიავლინა. გარდა ამისა, ადენაუერისვე ბრძანებით, კიოლნში აკრძალული იქნა ნაცისტური სიმბოლიკის მქონე დროშების გამოფენა. ის კი არადა, კონრადმა ხელქვეითებს ის ორი ნაცისტური დროშაც ჩამოახსნევინა, რომლებიც კიოლნში იყო აღმართული. შედეგად, ადენაუერი ორჯერ დაექვემდებარა დაპატიმრებას გესტაპოს მხრიდან (ჯერ 1934 წელს, ხოლო შემდგომ 1944 წელს), როგორც ნაცისტური რეჟიმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, აღნიშნული ინფორმაცია გენია.ჯი-ს მეცამეტეათასე (13 000) პოსტია ქართულ ინტერნეტსივრცეში.
ვიაჩესლავ მოლოტოვის შეხვედრა ადოლფ ჰიტლერთან