გურამ დოჩანაშვილი – „ვაზის საგალობელი”
„ვაზს რო რაც უნდა, ცხვარს არა აქვს იმდენი ბეწვი, სუმუდამ უნდა დასტრიალებდე, ხო ალერსით ზრდი, როგორ არწყულებ, მაგრამ წყალზე არანაკლებ სჭირდება ოფლი. იმაზე ყველაფერი ალალია.
აი, ქალწული მაშინაა, მტევნები რო დაუმშვენდება, მაგრამ შვილივით ნაზარდია, ხელს ვერ შეახებ და, უხვი რთვლობისას განზე გამდგარი, ქალებს და ბალღებს მიუშვებ და, იმათ აკრეფინებ. აღარც კი იცი, მტევნის მოწყვეტა გიხარიან თუ გწყინს. მაგრამ მერე კი, ტანჯვითა და ალერსით ნაზარდს, კარგად გახეხილ-დაბანილი, მაგრამ დიდი გლეხური ფეხისგულებით უნდა შედგე, ასეა წესი. ქალური ჩვევით, დაგიმახსოვრებს, როცა იქნება, ისიც ფეხს დაგიდებს და შეგაბარბაცებს, რაგინდ მოჭიდავე იყო, ერთხელაც იქნება და ბეჭებზე დაგცემს ძაან ნამეტანს თუ შეუჩნდები, ქალი არი და, ფეხით გაქელვას არ გაპატიებს, თუმც, რაღა ქალი, ქვევრებში დგა და, ჭაბუკია რო, დუღს. ჯეჯილია და ცის კიდობნების წვდომა უნდა, მიდი აბა და, დაჰხურე თავი, ქვევრს გაგიხეთქავს, მაგრამ მერე, რო დაშოშმინდება, თხელი შუშით ამოიღებთ და მზეზე რო გახედავთ, სუ სიხარულის ძვრას გიზამთ გული.
ზამთრობით, როგორ გატრუნულა… რა ხდება, კაცო, თოვლიც კი ადევს. მაგრამ იმის ნაყოფის წვენი მშობელ მიწაში ცოცხლად გიდგას და შენი ძმაცაა და მეგობარიც – ლხინი არი და, შენთანაა, თუ ჭირია და, ისევ შენთან არი. მაგრამ სიფრთხილით ძმობა ჰმართებს, ძალიან თუ გაუშინაურდები, იმან აფრაკი ხერხი იცის? – კისერსაც მოგტეხს. ცოტ-ცოტაობით მეგობრობა უნდა.
გვიყვარს.
და, როგორია, მტერი თუ ძაან შემოგესევა და ძლიერ ბევრია, მთაზე ადუღაბებულ სიმაგრეში სოფელთან ერთად უნდა შეიყუჟო და, თუ ვერ აგიღეს, ზემოდან დასცქერ, როგორ გიწვავენ უბრალო სახლ-კარს და ეგ კიდე მაინც არაფერი, ქვევრებს გიბილწავენ, იმ ვენახებს გადაქელავენ და, ბევრჯერ მომხდარა, აუჩეხიათ. შენს გულში მაშინ რაცა ხდება…
თუ აგიღო და… ვიცით.
მაგრამ მაინც ვაზის კაცი ხარ და, მაინც ისევა ზრდი, ისევ ახარებ, სუ რიგებშუა მიდი-მოდიხარ, წელში მოხრილი დაიარები, და განა მარტო მოვლას აკმარებ, მეტისმეტობით, ხანდახან სულიც შეგიბერია”. – (ავტორი გენია.ჯი)