გიორგი ლეონიძე – „გაუფრენელი მერცხალი და გაფრენილი სიცოცხლე”

მებრალება და მეწყალვის,

საცოდავია, იცოდეთ,

გაუფრენელი მერცხალი

და გაფრენილი სიცოცხლე!

* * *

ჩამორჩენილი მერცხალი

ვერ ჩაფრინდება ინდოეთს…

თუ გადაიმსხვრა ლერწამი,

სიმღერას ვინღა იმდომებს?

* * *

სიცოცხლე არი სიცეცხლე,

ჩქარა, წაგშლიან ცარცივით.

წამსაც კი ვერსად ისესხებ,

თუ გაგიფრინდა არწივი.

* * *

დრო არი გადამრეცხავი

მისი, რაც იწვის მარადღე!

გაუფრენელი მერცხალი,

ვერა, ვერ დაკამარავდეს…

* * *

მისთვის სიტყვა ვთქვი მე ცხარი:

ვაი, ნაცარში იცოცებს -

გაუფრენელი მერცხალი

და გაფრენილი სიცოცხლე!

კომენტარის დატოვება