უდაბნოები – „ეპიზოდი”
ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა, რომ ქვიშიან უდაბნოებს დედამიწის 21 მილიონი კვადრატული კილომეტრი აქვთ მოცული. ეს კი, თავის მხრივ, მთელი ხმელეთის 14%-ს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) აქვე შედარებისათვის გაცნობებთ, რომ ჩვენს პლანეტაზე ტყეები ხმელეთის მხოლოდ 30%-ზეა განფენილი. ყველა იმ უდაბნოს შორის, რომელიც დღეისათვის არსებობს დედამიწაზე, ყველაზე ახალგაზრდა უდაბნოდ ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი – უზბეკეთსა და ყაზახეთში არსებული უდაბნო – არალყუმია მიჩნეული. მისი ჩამოყალიბება დამშრალი არალის ზღვის ტერიტორიაზე სულ რაღაც ორმოცდაათიოდე წლის წინ დაიწყო. ერთადერთ მიზეზს არალყუმის უდაბნოს ჩამოყალიბებისა, რომელშიაც ცნობისათვის, ბუნებას ხელი არ ურევია, – ეკოლოგიური კატასტროფა წარმოადგენს, პროვოცირებული ადამიანის მიერ. შედეგად, აღნიშნული უდაბნო დღემდე განაგრძობს ფორმირებას.
საინტერესოა ისიც, რომ დედამიწაზე არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არსებობს არც ერთი უდაბნო, თუმცა არსებობს ისეთი ქვეყნებიც, რომელთა ტერიტორიების 95% – 98% ნაწილი უდაბნოებს აქვთ მოცული. ასეთი ქვეყნები გახლავთ – ყატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა და დასავლეთ საჰარა (ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, რომლის სამართლებრივი სტატუსი და სუვერენულობის საკითხი გადაუჭრელია და კვლავაც განხილვის საგანია). – (ავტორი გენია.ჯი)
არალყუმის უდაბნო