იოზეფ ჰაიდნი – „ეპიზოდი”
28 წლის ასაკში მყოფ გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვენის კლასიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს – ფრანც იოზეფ ჰაიდნის (1732-1809 წლები) სიყვარულის გრძნობა გაუჩნდა ერთ-ერთი ადგილობრივი დალაქის ქალიშვილის მიმართ, თუმცა მისდა სამწუხაროდ, მოულოდნელად გოგონამ საერო ცხოვრებაზე უარი განაცხადა და მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. (ავტორი გენია.ჯი) შურისძიებისა თუ სხვა მოტივების გამო, ავსტრიელმა მუსიკოსმა ცოლად სწორედ რომ ყოფილი სატრფოს ღვიძლი და – მარია კელერი შეირთო, რომელიც აქვე შევნიშნოთ, რომ იოზეფზე მთელი 4 წლით უფროსი იყო. ჰაიდნისდა საუბედუროდ, მარია ერთობ ჭირვეული და ქარაფშუტა ქალი აღმოჩნდა, რის გამოც მათ ქორწინებას ბედნიერი ნამდვილად რომ არ ეთქმოდა. ის კი არადა, ეს ყოვლად უვიცი და ხეპრე ქალი არად აგდებდა გენიალური მეუღლის მუსიკალურ ტალანტს, რასაც ისიც მოწმობს, რომ კომპოზიტორის მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს იგი ხშირად იყენებდა ღუმელის გასაჩაღებლად. გარდა ამისა, მარიამ სახლში არსებულ წიგნებსაც აბსოლუტურად სხვა დანიშნულება გამოუძებნა: იმისათვის, რომ ტრაპეზის ჟამს მაგიდა არ დაზიანებულიყო, კერძით სავსე ცხელ ქვაბს იგი ქვემოდან წიგნებს უდებდა.
რაღა თქმა უნდა, იოზეფი ფრიად უკმაყოფილო იყო თავისი მეუღლით და მასთან განქორწინებასაც აპირებდა, თუმცა იმ პერიოდში მოქმედმა კანონმებლობამ მას ამის საშუალება არ მისცა. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია კელერი