მაო ძედუნის პორტრეტი – „ეპიზოდი”
პეკინის „გულად” წოდებულ ტიანანმენის მოედანზე წარმოდგენილი მაო ძედუნის საყოველთაოდ ცნობილი პორტრეტი, პირველად 1949 წელს გამოიფინა საჯაროდ. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. (ავტორი გენია.ჯი) „იგი უბრალო სურათი კი არ არის, არამედ თვით მაოს წარმოადგენს და არავის არა აქვს უფლება იკითხოს, ვინ არის მისი ავტორიო”. – ერთმნიშვნელოვნად შენიშნავს ჩინური ხელოვნების ერთ-ერთი ცნობადი ისტორიკოსი – უ ჰუნგი. და მართლაც, საყოველთაო კულტად ქცეული მაოს პორტრეტი, რომელიც „ზეციური სიმშვიდის კარიბჭედ” წოდებულ მსოფლიოში უდიდეს მოედანზე მისივე მავზოლეომის ფასადზეა გამოფენილი, უდიდესი მოწიწების საგნად არის ქცეული კომუნისტურ ჩინეთში.
მაოს „მაგიური პორტრეტი” რიგი მიზეზების გამო ხშირად ექვემდებარება რესტავრაციას. ეს კი თავის მხრივ, ძირითადად წამოწვეულია მზის სხივების ზემოქმედებისა და კლიმატის ცვალებადობის გამოისობით. საინტერესოა ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევაში პორტრეტს ერთობ გასაიდუმლოებულ ვითარებაში უტარდება რესტავრაცია. როდესაც ერთი პორტრეტი სარესტავრაციოდ გადააქვთ ხოლმე, მის ნაცვლად დაუყონებლივ ანალოგიურ მეორე პორტრეტს ჰკიდებენ და ეს მოვლენა უცხო თვალისათვის სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობს (სულ ორი ასეთი სახის პორტრეტი არსებობს). იმისათვის რომ, რესტავრაციის პროცესი განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულიყო, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მაოს პორტრეტს მუდმივად უფანჯრო სამხატვრო სტუდიაში უკეთებენ რესტავრაციას. სტუდიის კედლები, იატაკი და ჭერი მასიური მეტალით გახლავთ სრულად შეფუთული, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ჩინელთა ბელადის სურათს განადგურების საფრთხე არ შეექმნას. მხატვრები, კი, რომლებსაც უფლება აქვთ მაოს პორტრეტის რესტავრაციაზე იმუშაონ მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, პირადი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ხელისუფლების წინაშე, რომ არავინ და არაფერი დახატონ გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტი ლიდერების გამოსახულებების გარდა. – (ავტორი გენია.ჯი)