არნოლდ შონბერგი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე დიდ ავსტრიელ კომპოზიტორსა და მუსიკალური ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელს – არნოლდ შონბერგს (1874-1951 წლები), მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა ერთი მეტად უჩვეულო და იშვიათი ფობია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფობიის სამეცნიერო სახელწოდება გახლავთ – „ტრისკაიდეკაფობია”, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რიცხვი 13-ის მიმართ განსაკუთრებული შიში. ამიტომაც იყო, რომ იგი რიცხვი ცამეტის გამოსახატავად ყოველთვის „12a”-ს იყენებდა. გარდა ამისა, ყოველთვის ერიდებოდა ისეთი წინადადების დაწერას, რომელიც 13 ასოსაგან შედგებოდა. არნოლდი, რომელიც ქვეყნიერებას 13 სექტემბერს მოევლინა, აღნიშნულ ფაქტს ძალიან ცუდ ნიშნად აღიქვავდა. ბედის ირონიით, რიცხვი 13-ის მოშიშარი კომპოზიტორი სწორედ რომ მისთვის საბედისწერო რიცხვში გარდაიცვალა (13 ივლისი). გრძნობდა რა თავის აღსასრულს, გარდაცვალების დღეს იგი მთელი დღე საწოლიდან არ წამომდგარა. შონბერგი გამუდმებით უმეორებდა საკუთარ მეუღლეს, რომ ის დღე გახლდათ მისთვის უკანასკნელი დღე ცხოვრებისა, რაზეც პასუხად იღებდა, რომ შეეწყვიტა ასეთ სისულელეებზე საუბარი. სამწუხაროდ, არნოლდი მართლაც იმავე დღეს აღესრულა და სწორედ მაშინ, როდესაც 13 ივლისის გასვლასა და 14 ივლისის დადგომას ზუსტად ცამეტი წუთი აკლდა (23 საათსა და 47 წუთზე). სიკვდილის წინ შონბერგმა მრავლისმეტყველად წარმოთქვა სიტყვა – „ჰარმონია”. – (ავტორი გენია.ჯი)