ალფრედო სტრესნერ მატიუდა – „ეპიზოდი”
სამხედრო გადატრიალების გზით პარაგვაის ხელისუფლებაში მოსული დიქტატორის, ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტის – ალფრედო სტრესნერ მატიუდას (1912-2006 წლები) მმართველობის ჟამს, პარაგვაის ტერიტორიაზე არსებული ციხეები ისე იყო გადაჭედილი, რომ პატიმრებს ვეღარც კი იტევდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ იმ პერიოდში, მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოში 20 კონცლაგერი ფუნქციონირებდა, რომლებშიაც საერთო ჯამში, 484 000 ადამიანი იხდიდა სასჯელს. ეს კი, თავის მხრივ, პარაგვაის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენდა. გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ალფრედო, კონცლაგერების თანამშრომლებად სპეციალურად ნიშნავდა ამ საქმეში კარგად გათვითცნობიერებულ გერმანელ ნაცისტ დამნაშავეებს, რომლებმაც თავის დროზე სწორედ რომ პარაგვაის შეაფარეს თავი გასაგები მიზეზების გამო (სტრესნერმა მათ ოფიციალურად მიანიჭა „პოლიტიკური დევნილების” სტატუსი). ერთ-ერთ ასეთ „პოლიტიკურ დევნილს” წარმოადგენდა „სიკვდილის ანგელოზად” წოდებული – იოზეფ მენგელე, ვინაც არაადამიანურ ცდებს ატარებდა გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. გარდა გერმანელი ნაცისტებისა, პარაგვაიმ ასევე „გულში ჩაიკრა” არგენტინიდან გაქცეული დიქტატორი – ხუან დომინგო პერონი და ნიკარაგუის ექს-დიქტატორი – ანასტასია სომოსა დებაილე. ფაქტობრივად, მატიუდამ პარაგვაი აქცია ქვეყნად, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდნენ თავს კაცობრიობისა თუ საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების შემოქმედები.
ამ ოდიოზი დიქტატორის პორტრეტები გამოფენილი იყო ყველგან: დაწყებული ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან, დამთავრებული ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლით. ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილად არ გახლდათ მატიუდას სიყვარულში: ალფრედოს პორტრეტის უგულვებელყოფა პარაგვაიში „ინტელექტუალურ ტერორიზმთან” ასოცირდებოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულად იყო მიჩნეული და შესაბამისად, კანონითაც ისჯებოდა.
საბოლოო ჯამში, მატიუდა ხელისუფლებიდან მისივე სიძემ ჩამოაგდო. 35 წლიანი ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, სტრესნერმა თავი ბრაზილიას შეაფარა, სადაც ჰპოვა კიდეც თავისი აღსასრული სრულ მარტოობაში. – (ავტორი გენია.ჯი)