ფრანკისტული რეჟიმის ვაი-ჟურნალისტიკა – „ეპიზოდი”
„შეუძლებელია, რაიმე ასწავლო მასებს… მათ მხოლოდ მათრახი სჭირდებათ, ისინი ჰგვანან ძაღლების ხროვას, რომელიც მხოლოდ მათრახს უგონებს”. – რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამ ყოვლად ამაზრზენი სიტყვების ავტორი გახლდათ პირსისხლიანი ესპანელი დიქტატორის – ფრანსისკო ფრანკოს მიერ პრესის „საპატიო კაპიტნად” (კურატორად) დანიშნული ესპანელი ჟურნალისტის – ლუის ბოლინის ერთ-ერთი მთავარი თანაშემწე – იგნასიო როსალესი. (ავტორი გენია.ჯი) თავად ესპანელი ვაი-ჟურნალისტი – ლუის ბოლინი, რომელსაც ბრიჯებსა და მაღალ ჩექმებში სჩვეოდა საზოგადოების წინაშე წარდგომა, ამაყად დაიარებოდა ხოლმე და ხელს ყოველთვის პისტოლეტის ბუდეს უთათუნებდა, რომლის დატენვაც კი არ იცოდა. ფრანკოს მიერ უკიდურესად გაყეყეჩებული „ჟურნალისტების მეთაური” გამუდმებით ებუზღუნებოდა ფრანკისტული რეჟიმის მიერ ისედაც სიკვდილამდე დაშინებულ ადგილობრივ ჟურნალისტთა კორპუსს და დახვრეტით ემუქრებოდა ყველას, ვისი რეპორტაჟებიც „ღირსეულ დონეზე” არ იქნებოდა ორგანიზებული. ამ საძაგელი არაკაცისათვის (რომელიც სიცრუეზე აგებული ყველა უბინძურესი ნიუსის სულისჩამდგმელი იყო ესპანეთში), ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა – რეჟიმის მიერ სიკვდილით დასჯილი ცხედრების უკიდურეს დონეზე შეურაცხყოფა. კერძოდ: „საპატიო კაპიტანი” გარდაცვლილთა ცხედრებს აფურთხებდა.
ნაციონალისტთა სიმხეცით შეძრწუნებულ უცხოელ ჟურნალისტებს, კიდევ უფრო აძრწუნებდა ჟურნალისტთა კორპუსის კიდევ ერთი კურატორის – გონსალო დე აგილერას განცხადებები, რომელიც ყოველგვარი ფამილარობის გარეშე უცხადებდა მათ: „ჩვენ დავხოცავთ, დავხოცავთ და დავხოცავთ”. – ესოდენ საშინელ სიტყვებს გონსალო შესაშური ინგლისურით წარმოთქვამდა უცხოელი რეპორტიორების წინაშეც კი. მას ხომ განათლება თავის დროზე ინგლისში არსებულ სტოუნიჰერსტის პრესტიჟულ კოლეჯში ჰქონდა მიღებული.
ეს გახლავთ მოკლე დახასიათება ფრანკისტების რეჟიმის არანორმალური ბუნებისა. რეჟიმისა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პროპაგანდისტულ საშუალებადაც იყო ქცეული ესპანური ჟურნალისტიკა და, რეჟიმისა, რომელიც დარწმუნებული იყო იმაში, რომ „ესპანეთის აღორძინება მოითხოვდა ქვეყნის მამრობითი მოსახლეობის მესამედის ამოჟლეტას”. – (ავტორი გენია.ჯი)