ვაჟა-ფშაველა – „ღარიბის სიმღერა”
ტიალო სიღარიბეო,
გააბეჩავებ ყველასა!
აღარსითა მაქვს სახსარი,
აღარსით ველი შველასა!
ბალღები დამიწიოკდა,
კაბა გაუცვდა ლელასა,
ვინ იტყვის წვნიან საჭმელსა,
პურს ვეღარ ვშოვობ ხმელასა!
შამამტირიან ბალღები,
გამამიწვდიან ხელასა…
პური მოგვშივდა, მამაო, -
სიტყვას მეტყვიან ძნელასა.
ამის გამგონეს ცეცხლი მწვავს,
გული დამიწყებს ლევასა,
გაუსენია ყველანი
მჭვალს და ყივანა ხველასა.
ვითომ-კი ვშრომობ მედგრადა,
ყელ-თავქვე ვკიდავ მუდამა…
არცა ვარ ცოდვის მოქმედი,
თვით კარგად იცის უფალმა.
აბა, რა მივცე მახტაში,
რა მაქვს, რა მატიალია?!
ნეტავ იცოდეთ, როგორი
გულში მიბრუნავს ალია!
მიშველე, ჩემო გამჩენო,
მიშველე, მომეც ძალია!
აკმარე ბეჩავს ჩემს თავსა
ამდენი ცოდვა-ბრალია!
ისე გაივლის სთვლის ღამე,
არ მოვიხუჭო თვალია;
ვფიქრობ: რით, როგორ ვიხადო
მე მამობრივი ვალია?!
მე ვერ ვიქურდებ, ვერა, ვერ,
გული არ მაძლევს ნებასა,
ვამბობ და ნუ გეგონებათ,
თქვენგნით ველოდე ქებასა.
წაიღონ, ერთი ეგ-ღა მაქვს,
ერთი თანგირა ქობია.
მოვკვდები ნამუსიანად,
ესრე სიკვდილი სჯობია.
დაე, შვილებიც გამიწყდნენ,
გასწყდნენ, როგორაც ვშობია,
მადლიც იმასა, ცოდვაცა,
ვინც წინ გამივლო ღობია!