აუგუსტო პინოჩეტი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ჩილელი დიქტატორი – აუგუსტო პინოჩეტი (1915-2006 წლები), ვისაც ძალიან უყვარდა ნაპოლეონის ცხოვრება და ეპოქა, გამორჩეულად მაინც საფრანგეთის „მეფე-მზედ” წოდებულ – ლუი XIV დე ბურბონს ეტრფოდა. კაცს, რომელმაც ოდესღაც საკუთარი თავი სახელმწიფოსთან გააიგივა – „სახელმწიფო – ეს მე ვარ!” ზოგადად რომ ვთქვათ, პინოჩეტი წიგნის მოყვარული პერსონა კი იყო, თუმცა მცირე თავისუფალი დროის გამოისობით, კითხვას მხოლოდ დაძინების წინ ახერხებდა, და ისიც სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთით.
აუგუსტო ხშირად და ამაყად იმეორებდა – ისტორიული ლიტერატურის თავგადაკლული ფანი ვარო. და მას მართლაც განსაკუთრებით უყვარდა ისტორიული ჟანრის ქმნილებები: ჩილეს სამხედრო ისტორია, რომის იმპერიის ქრონიკები, სახელოვანი ბრძოლების აღწერა-შეფასებები. მიუხედავად ამისა, პინოჩეტს დიდი ინტელექტის მქონეს მაინც ვერ უწოდებდითო, ერთმნიშვნელოვნად შენიშნავდნენ მისი თანამედროვენი. თუმცა-კი არც იმას ივიწყებდნენ, იგი თვითგადარჩენის გასაოცარი ალღოთი და უნარით რომ იყო დაჯილდოებულ-გამორჩეული. – (ავტორი გენია.ჯი)