მუხრან მაჭავარიანი – „ტყუილუბრალოდ გაზაფხული კოხტაობს ახლა”

ტყუილუბრალოდ გაზაფხული კოხტაობს ახლა,

ტყუილუბრალოდ ვენახებში ტირიან ვაზნი;

სიხარულს ჩემსას -

უეჭველად გულწრფელს და მართალს -

აქვს გაზაფხულზე უფრო მეტი ეშხი და აზრი.

* * *

და ვეღარ ანთებს ძველებურად ახლა ჩემს თვალებს -

სკდომა კვირტების.

აფეთქება პატარა ჩირგვის.

ანდა! -

რას ვეძებ!

რას ვიპოვი!

რა დამრჩა გარეთ! -

გაზაფხულია უფრო დიდი როდესაც შიგნით.

კომენტარის დატოვება