მუხრან მაჭავარიანი – „მე მიყვარს იგი”
ქუჩაში გავალ,
რომ თვალებმა დალიონ წყალი;
გავალ თუ არა,
მყის იკლავენ წყურვილს თვალები;
დედაქალაქში ზედმეტია ქათქათი მთვარის, -
ქუჩებს სინათლედ ჰყოფნის შუქი ჩვენი ქალების.
* * *
(გთხოვთ, მაპატიოთ ეს იაფი ქათინაური, -
მე, რა თქმა უნდა, არ შემშვენის ასეთი რამე).
შენთვის ლეილა,
შენთვის ლამრი,
შენთვის ნანული,
ვინ იცის,
თეთრად გათენდება რამდენი ღამე.
ვინ იცის,
ვაჟი თუ რამდენი ოცნებობს თქვენზე;
თქვენ კი, ვითომდა არაფერი, -
კისკისებთ ლაღად…
რამდენ უნიჭოს აწერინებს,
ვინ იცის, ლექსებს,
თქვენი სილამაზე ახლა.
- იცოცხლეთ ყველამ,
ყველამ დიდხანს იცოცხლოთ მინდა,
მაგრამ ყველაზე უფრო მიყვარს მე თქვენში ერთი;
იგი ჩემს თვალწინ
შუქივით იდგა, -
ამ ლექსს რომ ვწერდი.
* * *
იგი, არც ისე ლამაზია,
მაგრამ კარგია…
და, რაც ყველაზე მთავარია,
მე
მიყვარს
იგი.