იგორ სევერიანინი – „ეპიზოდი”
რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პოეტი – იგორ სევერიანინი (1887-1941 წლები), ძალიან არაორდინალური და უკიდურესი ეგოიზმით შეპყრობილი პიროვნება გახლდათ. აღნიშნული თვისებების გამო, იგი გარშემომყოფებთან საერთო ენას თითქმის ვერასოდეს პოულობდა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთან ერთად, სევერიანინი მოსწრებული ენითა და გონებამახვილობით გამორჩეულ პერსონასაც წარმოადგენდა. ლექსების წერა 8 წლის ასაკში დაიწყო. ამაში იმდენად გასაკვირი არა იქნებოდა რა, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: 8 წლის სევერიანინის სადებიუტო ლექსები „ეროტიული ჟანრის” მომცველი იყო. როდესაც მოგვიანებით იგორის ლექსები ლევ ტოლსტოის წაუკითხეს, იგი აღშფოთდა გაგონილით. „ – რას აკეთებენ! ნუთუ ეს არის ლიტერატურა?!” – უთქვამს მაშინ მსოფლიო ლიტერატურის მეტრს.
გარდა ტოლსტოისა, სევერიანინის შემოქმედებისა და პერსონის მიმართ ნეგატიურად ასევე განწყობილი იყო, საქართველოზე შეყვარებული რუსი პოეტი – ვლადიმერ მაიაკოვსკი.
ამ დროს კი, რუსული ფუტურიზმის მამა საკუთარ თავს საჯაროდ უწოდებდა – „გენიოსს”. ის კი არადა, იგი არ ერიდებოდა და დაუფარავად განსჯიდა თავის კოლეგებს, რითაც კიდევ უფრო იმრავლებდა არაკეთილმოსურნეებს. და მაინც, მოგვიანებით, საკუთარ თავზე „ზედმეტად” შეყვარებული პოეტი არ მოერიდა სკანდალს და გამოაქვეყნა სონეტების კრებული, სახელწოდებით – „მედალიონი”, რომელშიაც ავტორმა ღრმა ცინიზმითა და ღვარძლით დასცინა თანამემამულე კოლეგების უმრავლესობის შემოქმედებას. შედეგად, მისი „ლირიკული ირონია”, (ასე მოიხსენიებდა პოეტი თავის შემოქმედებას), რომელსაც ტოლსტოიმ „ვულგარული” უწოდა თავის დროზე, ბევრს არ ეჭაშნიკებოდა. იგი არ ეჭაშნიკებოდა არც საბჭოთა ხელისუფლებას, რის გამოც სევერიანინის ლექსების გამოქვეყნება „გაწითლებული ქვეყნების კავშირში” იკრძალებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)