დისკრიმინაციული კანონი – „ეპიზოდი”
1867 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საყოველთაოდ ცნობილ ქალაქ – სან-ფრანცისკოში დამტკიცებული იქნა უკიდურესად დისკრიმინაციული საკანონმდებლო აქტი. (ავტორი გენია.ჯი) აქტი, რომლის სახელწოდებაც გახლდათ – „კანონი მახინჯების შესახებ”. ახალი კანონის თანახმად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა ეკრძალებოდათ ისეთ ადამიანებს, რომელთა გარეგნობაც რიგი მიზეზების გამოისობით (ავადმყოფობა, თანდაყოლილი, ანომალიური ფიზიკური ნაკლი და ასე შემდეგ) დამახინჯებულ-დასახიჩრებული იყო. კანონის დარღვევის შემთხვევაში, „დამნაშავე” ყოველ ჯერზე 1 დოლარიდან 50-მდე დოლარის ექვივალენტის ჯარიმით ისჯებოდა.
ეგზომ ამაზრზენი და ამორალური კანონის შემოქმედები თავს იმით იმართლებდნენ, თითქოსდა ასეთი ადამიანები თავიანთი გარეგნობის დემონსტრირებით დისკომფორტს უქმნიდნენ გარშემომყოფ მოქალაქეებს. 1890-იან წლებში აღნიშნული კანონი პენსილვანიის შტატში იქნა ამოქმედებული; ხუთი წლის შემდეგ ამ საშინელმა კანონმა ნიუ-იორკიც მოიცვა. „კანონს მახინჯთა შესახებ” 1911 წელს ჩიკაგოც შეუერთდა. გარდა ამისა, ანალოგიური კანონი მოქმედებდა ოჰაიოსა და ნებრასკას შტატებშიც. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში – „კანონი მახინჯების შესახებ” 1970-იან წლებამდე იყო მოქმედებაში. ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში – ჩიკაგოში კი იგი 1974 წელს გააუქმეს ოფიციალურად. – (ავტორი გენია.ჯი)