შიმშილობა ესპანეთში – „ეპიზოდი”
ესპანეთში განხორციელებული სამოქალაქო ომის შედგომ, ქვეყანა უკიდურესი სიდუხჭირის ზღვარზე დადგა. ფრანსისკო ფრანკოს სისხლისგან დაცლილი სამშობლო სრულ შიმშილსა და სიღატაკეში ჩაეფლო. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც მომრავლდა იმ პერიოდის ესპანეთში ნაგვის ურნებში საკვების მაძებარი მამაკაცები, ქალები და ბავშვებიც კი. დიქტატორი ფრანკო, რომელიც აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მეორე მსოფლიო ომის სულისჩამდგმელ ჯალათთან – ადოლფ ჰიტლერთან, დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან ნდობას არ იმსახურებდა. შესაბამისად, არ იმსახურებდა არც დახმარებას. იმისათვის, რომ კაუდილიოს როგორმე გადაეჭრა ესოდენ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც თავისი ერის დამშევაში მდგომარეობდა, ათასგვარ „ეკონომიურ იდეებს” ეძიებდა. ერთ-ერთი ასეთი „ეკონომიური იდეა” დიქტატორ ფრანკოს მალაგის სამოქალაქო გუბერნატორმა – ხოსე ლუის არესემ მიაწოდა. თავგამოდებული ფალანგისტი გუბერნატორი ირწმუნებოდა, რომ შიმშილის პრობლემის მოგვარება ქვეყანაში თვალის დახამხამებაში იყო შესაძლებელი, თუკი ხალხს დელფინის ბუტერბროტებითა და თევზის ფქვილისაგან დამზადებული – პურით გამოკვებავდნენ (ამ გარემოებამ რატომღაც გამახსენა ჩვენებური 1990-იანი წლების „სიგუას ნამცხვარი”). ხოსე ლუის არსესეს ამ წარმოუდგენელმა, რომ არაფერი ვთქვათ, საჭმელად უვარგისმა რეკომენდაციამ ფრანკო იმდენად აღაფრთოვანა, რომ პირმოთნე, თუმცა საკმაოდ ამბიციური ავტორი უმალვე დააწინაურა პოლიტიკურ იერარქიულ კიბეზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, შიმშილის პრობლემა კვლავაც განსაკუთრებული აქტუალურობით იდგა ესპანელთა წინაშე. შედეგად ფრანკო იძულებული გახდა, მოკავშირე დემოკრატიულ ქვეყნებთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები ხორბლისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების მიმდინარეობისას, კაუდილიოს აშშ-ის ელჩმა შეახსენა, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობდა ფიურერთან, რაზედაც მოღუშულმა შემდეგი გარემოებით იმართლა თავი: „მე „ღერძის” სახელმწიფოებთან არავითარი სამმხრივი შეთანხმებისათვის არ მომიწერია ხელი. ერთადერთი, რაც ნეიტრალიტეტის საჯარო გამოცხადებაში მიშლის ხელს, ესაა გერმანიის შიში”.
საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებებმა შედეგი მაინც გამოიღო, რამაც თავის მხრივ, ესპანელი ხალხი შიმშილობისაგან დაიხსნა. – (ავტორი გენია.ჯი)