ლადო ასათიანი – „მეგობრობა”
„მიქელანჯელოს ჰკითხეს თურმე: – როგორ მუშაობთ? – მან უპასუხა: – ვიღებ ნაჭერს მარმარილოსას, ვაშორებ ზედმეტს და აუცილებელს ვტოვებო.
- კი მაგრამ, ნამუშევრის ღირსება როგორ უნდა გამოარკვიო? – კვლავ შეეკითხნენ მას.
- სრულიად უბრალოდ, – უპასუხა მან, – დააგორეთ ქანდაკება მთიდან და რაც ზედმეტია, თვითონ მოშორდება.
რად დამჭირდა აქ ამის თქმა? ალბათ, იმისთვის, რომ მეთქვა: სიცოცხლე – მეგობრებისათვის, იმისთვის, რომ თუ ზედმეტი (თუ კია ასეთი) მოსცილდება ჩვენს მეგობრობას (და მეგობრობა ხომ იგივე ხელოვნებაა, იგი იგივე მარმარილოს ნაჭერია, ხოლო ჩვენ მოქანდაკენი ვართ), იგი მთიდან კი არა, მარსიდან ჯოჯოხეთისაკენ რომ დააგორო, ისე უვნებლად დაეშვება დედამიწაზე, რომ არაფერი დააკლდება. წელიწადებს გაუძლებს”.