პავლოვნია
დედამიწაზე არსებულ ყველაზე სწრაფად მზარდ ხეს „ადამის ხედ” წოდებული ფოთოლმცვენი – პავლოვნია წარმოადგენს. იგი ზრდის დასრულებამდე სიმაღლეში ყოველწლიურად სამიდან ხუთ მეტრამდე იზრდება; ხოლო მისი მერქანი კი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო მიზნებისთვის 7-10 წელიწადშია გამოსადეგი. (ავტორი გენია.ჯი) საერთო ჯამში, პავლოვნია სიმაღლით 15 – 20 მეტრ სიმაღლეს აღწევს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ პავლოვნია კარგად არ იწვის, რის გამოც შეშად არ გამოდგება, თუმცა მისი მერქნისაგან მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული ინვენტარი და ავეჯი მზადდება. პავლოვნიის ფოთლები, რომელთა დიამეტრი 25-30 სანტიმეტრია, არა მხოლოდ ჰაერის იდეალური ფილტრის ფუნქციას ასრულებენ, არამედ მდიდარი სამედიცინო თვისებებითაც გამოირჩევიან. გარდა ამისა, პავლონიას ვანილის სურნელის შემცველი ყვავილები, ევროპული ქვეყნების რესტორნებში საკვებად გამოიყენებიან და დელეკატესადაც კი არიან ცნობილი.
პავლოვნიასებრნთა სახეობის აღნიშნულ მცენარეს, რომლის სამშობლოდაც შორეული აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია არიან მიჩნეულნი, სახელწოდება გერმანელმა ბუნებისმეტყველებმა და იაპონიის მკვლევარებმა – ფილიპ ზიბოლდმა და იოზეფ ცუკარინიმ XIX საუკუნეში შეურჩიეს რუსეთის იმპერატორის პავლე I-ის ქალიშვილის – ანა პავლეს ასულის პატივსაცემად.
აღმოსავლეთ აზიაში მაცხოვრებელ ხალხში მასთან დაკავშირებულია მრავალი ადრეული ტრადიცია. ასე მაგალითად: იაპონიაში გოგონას დაბადების შემთხვევაში ახალშობილის ოჯახი სახლთან ახლოს რგავს პავლოვნიის ნერგს, რომლისგანაც შემდგომ ქალის გასამზითევად საჭირო სკივრს ამზადებენ.
პავლოვნია თავისი დადებითი თვისებების გამოისობით, კულტივირებულია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში (მათ შორის საქართველოში). ძირითადად ისეთ რეგიონებში, სადაც თბილი და ნოტიო კლიმატია გამეფებული. – (ავტორი გენია.ჯი)