დენ სიაოპინი – „ეპიზოდი”
1958 წელს, ჩინეთში, მაო ძედუნის მიერ წამოწყებული ეგზომ ცნობადი ეკონომიკური და პოლიტიკური კამპანიის, სახელწოდებით – „დიდი ნახტომის” ერთ-ერთ უმთავრეს კრიტიკოსად საყოველთაოდ ცნობილი ჩინელი სახელწმიფო მოღვაწე – დენ სიაოპინი (1904-1997 წლები) იქცა. (ავტორი გენია.ჯი) „რა მნიშვნელობა აქვს, კატა შავი ფერის იქნება თუ თეთრი, თუკი ის თაგვებს იჭერს – მაშადასამე, კარგი კატააო”, – აცხადებდა მაშინ იგი. სიაოპინისათვის მთავარს ის კი არ წარმოადგენდა, ვინ კომუნისტი იყო და ვინ უპარტიო, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ყველას მისი შესაძლებლობების ფარგლებში ემუშავა კარგად, რაც თავის მხრივ, ისევ ჩინეთს წაადგებოდა შემდგომში. აღნიშნულმა გარემოებამ დენ სიაპონის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი განაწყო (ძირითადად მაო ძედუნის მომხრე „ბრმად მორწმუნე კომუნისტები”).
მას შემდეგ, რაც ჩინეთი „კულტურულმა რევოლუციამ” მოიცვა, სიაოპინს ყველა დაკავებული თანამდებობა დაატოვებინეს. პრესაში მომრავლდა მისი საწინააღმდეგო საგაზეთო სტატიები. „კაპიტალიზმის დაქირავებული მუშაკი” – ასე მოიხსენიებდა იმ პერიოდში მას ჩინური პრესა. „ხუნვეიბენების”, იგივე ჩინელი „წითელარმიელების” მიერ მოწყობილ ერთ-ერთ მიტინგზე სიაოპინი იძულების წესით მიიყვანეს საკუთარ მეუღლესთან ერთად, რა დროსაც არა მხოლოდ შეურაცხყვეს და დაამცირეს ისინი, არამედ ფიზიკურადაც კი იძალადეს მათზე. ყოველივე ამის შემდგომ, იგი შინაპატიმრობაში აიყვანეს. თუმცა, სიაოპინის უბედურება მარტო ამით არ ამოწურულა: „ხუნვეიბენებმა” აიყვანეს მისი ერთ-ერთი ვაჟი – დენ პუფანი, რომელიც ჯერ აწამეს, ბოლოს კი მესამე სართულის ფანჯრიდან გადააგდეს. შედეგად, პუფანი სამუდამოდ დაინვალიდდა.
თვად სიაოპინი, რომელიც ერთ დროს მეტად გავლენიან სახელმწიფო მოხელეს წარმოადგენდა, 1969 წელს სატრაქტორო ქარხანაში მიავლინეს მუშად.
საბოლოო ჯამში, სიაოპინი თავისმა ძველმა, სტუდენტობის დროის მეგობარმა – ჩჟოუ ენლაიმ იხსნა გასაჭირისგან, რომელსაც იმ პერიოდში ჩინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. მან შესძლო მაო ძედუნი დაერწმუნებინა იმაში, რომ ისევ დაებრუნებინა პოლიტიკაში იგი. სიაოპინი მართლაც დაუბრუნდა პოლიტიკას და მეტად წარმატებულადაც, რადგან მაოს გარდაცვალების შემდგომ სწორედ რომ იგი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფაქტობრივი გამგებელი მთელი 20 წლის განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)