ელვის პრესლი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მომღერალს – ელვის აარონ პრესლის (1935-1977 წლები), სხვა უამრავი უცნაური თვისების გარდა, ერთი ისეთი უჩვეულო თვისებაც ახასიათებდა, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა მტკიცებით, მოტოციკლით რბოლის მოყვარულ მუსიკოსს დროდადრო სჩვეოდა ხოლმე პოლიციელის ტანისამოსით შემოსვა. შემდგომ, ასეთ უნიფორმაში გამოწყობილი ელვისი საკუთარ სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალურად დაყენებულ სირენას ჩართავდა და ცენტრალურ გზებზე გადიოდა. ყოველი ასეთი გასვლის დროს, იგი მძღოლებს აიძულებდა მისი მოთხოვნისამებრ გაეჩერებინათ ავტომობილები. გაჩერებულ მძღოლებს ელვისი საბუთების გადამოწმების შემდეგ მუდმივად უწერდა – „ჯარიმებს”. ელვისის მიერ გამოწერილი „საჯარიმო ქვითრები” კი სხვა არაფერი იყო, თუ არა ცარიელი თაბახის ფურცლებზე დატანილი სახელოვანი მუსიკოსის – ავტოგრაფები.
ზუსტი მიზეზი, რის გამოც ამერიკელ მუსიკოსს არ აკავებდნენ ასეთი არაკანონიერი ქმედებებისათვის, დაუდგენელია, თუმცა გავრცელებული ვერსიით, პოლიცია იმიტომ ხუჭავდა თვალს როკ-ენ-როლის „მეფის” არაკანონიერ ქმედებებზე, რომ იგი მათ რიგებშიაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. – (ავტორი გენია.ჯი)