ალექსანდრე პუშკინი – „ეპიზოდი”
კარგად თუ დავაკვირდებით 1827 წელს დახატულ „რუსული ლიტერატურის მზედ” წოდებული ალექსანდრე პუშკინის საყოველთაოდ ცნობილ პორტრეტს, რომლის ავტორიც გახლავთ პორტრეტული ჟანრის დიდოსტატი რუსი მხატვარი – ორესტ კიპრენსკი, თვალში უმალვე მოგვხვდება პოეტის ერთობ მოზრდილი და სათუთად მოვლილი ხელის თითების ფრჩხილები. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელის მსგავსად, ასეთი ფორმის ფრჩხილები მაშინაც მანდილოსნებისათვის უფრო გახლდათ დამახასიათებელი, ვიდრე მამაკაცებისათვის (რიგი წყაროების მტკიცებით, პუშკინს თავის გარდერობში გააჩნდა ფრჩხილების მოვლისათვის (მანიკურისათვის) საჭირო თითქმის ყველა ინსტრუმენტი). ყველაზე გრძელი ფრჩხილი, რომელსაც პუშკინი განსაკუთრებით უფრთხილდებოდა, მას მარცხენა ხელის ნეკა თითზე გააჩნდა. იმისათვის, რომ იგი შემთხვევით არ დაზიანებულიყო, ყოველი ძილის წინ ალექსანდრე სპეციალურ შალითას იკეთებდა მასზე. მიზეზი იმისა, რის გამოც ესოდენ უფრთხილდებოდა პუშკინი თავის ფრჩხილებს, შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში ასეთი ფრჩხილების საშუალებით – მასონები ამოიცნობდნენ ხოლმე ერთმანეთს. „რუსული ლიტერატურის მზე” კი, როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, მასონთა გასაიდუმლოებული ლოჟის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენდა გარკვეული ხნის განმავლობაში. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ალექსანდრეს მამა – სერგეი და ბიძა – ვასილი, მასონთა ლოჟის მაღალჩინოსნები გახლდნენ თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)