„ანტირელიგიური მუზეუმი” – (ეპიზოდი)
საკვირველი და ამორალურია, თუმცა ფაქტია, რომ სანკტ-პეტერბურგში არსებულ „წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარში”, რომელიც ცნობისათვის, ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარია მსოფლიოში, ღვთისმოძულე და ხატმებრძოლმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ – „ანტირელიგიური მუზეუმი” გახსნა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) რევოლუციის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, 1922 წელს, ამ უდიდესი სიწმინდის მქონე საკათედრო ტაძრიდან წითელმა მთავრობამ „ამოიღო” 45 კილოგრამი ოქროსა და 2 ტონამდე ვერცხლის „ნაკეთობანი” (ხატები, ემბაზები და ასე შემდეგ). სამრეკლოებიდან ჩამოიხსნა ყველა ზარი, რომლებიც შემდგომ გადადნობას დაექვემდებარნენ. ის კი არადა, 1928 წლამდე ტაძარი დასანგრევ ობიქტთა ნუსხაშიც იყო შეტანილი, თუმცა საბედნიეროდ, ამ ბარბაროსულ აქტს გადაურჩა. იმავე წელს „სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის” გადაწყვეტილებით, გადადგმული იქნა უკიდურესი ცინიზმით აღსავსე ნაბიჯი: „ანტირელიგიური მუზეუმის” (ეშმაკის სახლის) განთავსება გადაწყდა მართლმადიდებლურ ტაძარში (ღვთის სახლში).
შესაბამისად, „წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარს” მიენიჭა სამუზეუმო ძეგლის სტატუსი და იგი ჩამოერთვა იმ პერიოდის რუსეთის სულმოძრავ საპატრიარქოს. შედეგად, 1931 წლის 11 აპრილის ღამეს, ამ უდიდესი სიწმინდისა და უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარში ოფიციალურად გაიხსნა „ანტირელიგიური მუზეუმი”, რომელმაც ცნობისათვის, მხოლოდ 17 წლის განმავლობაში იფუნქციონირა. ის თუ, რა ნივთები იქნებოდა იქ წარმოდგენილი, ალბათ, ყველასათვის მარტივად წარმოსადგენია. – (ავტორი გენია.ჯი)