შვედეთის სამეფოს ტყის მასივები – „ეპიზოდი”
სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, დღევანდელი დღისათვის სკანდინავიის ნახევარკუნძულზე განთავსებული – შვედეთის სამეფო, ტყის მასივების სიდიდით ევროპაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ ტყეებს შვედეთის ტერიტორიის 23% აქვთ მოცული და მისი 80% – წიწვოვანი ტყეებისაგან შედგება. ეს იმ ფონზე უფრო საკვირველია, როდესაც ამ ქვეყნის ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მცენარეებს სწრაფად ზრდა უჭირთ. გამოანგარიშებულია ისიც, რომ ყოველი ტყის სრულფასოვნად გაზრდას შვედეთში საშუალოდ 60-120 წელიწადი ესაჭიროება. აქვე მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ შვედეთიდან ხე-ტყის ექსპორტი კანონით არის აკრძალული და შესაბამისად არ გადის. იგი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და ისიც, წესისამებრ, კანონის ნორმებშია მოქცეული.
აღნიშნულ შემთხვევაში ერთ საინტერესო პატარა ისტორიას გაგაცნობთ, რაც ჩემის აზრით, ბევრ რამეზე მეტყველებს: 1830-იან წლებში შვედეთის სამეფო-საზღვაო ფლოტის უშუალო დაფინანსებითა და კურირებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დარგული იქნა – 300 000 მუხის ხის ნერგი. შვედური ფლოტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, იმდენად ეკოლოგიურ გათვლებზე არ იყო აგებული, რამდენადაც წმინდა სამხედრო თვალსაზრისზე. კერძოდ, მაშინ ხომალდებს ხის მასალისგან აგებდნენ და ესოდენ დიდი რაოდენობის მუხის დარგვაც (როგორც გემების საშენი ერთ-ერთი საუკეთესო მასალა) მომავალში ასაგებ საზღვაო ხომალდებთან იყო დაკავშირებული.
1975 წელს შვედეთის სამეფო-საზღვაო ფლოტს ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურად აუწყა, რომ მის მიერ 1830-იან წლებში დარგული მუხის ნერგები სრულფასოვან ხეებად იქცნენ. შესაბამისად, მათი განკარგვის უფლებაც სრულად გადაეცა შვედურ ფლოტს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუხის ნერგების დარგვიდან ათწლეულებს განევლო და გემთმშენებლობაც უკვე ხის საშენი მასალიდან ლითონის საშენ მასალაზე გადასულიყო. ამიტომაც, შვედურმა ფლოტმა გამოიჩინა კეთლგონიერება და არ ისარგებლა რიგი „პრივილეგიებით” (მათ შორის უპირველესად – ფინანსური მოგების პრივილეგიით): მან ოფიციალურად განაცხადა უარი მის მფლობელობაში არსებულ ტყეების გაკაფვაზე და იგი სამშობლოს გადასცა ყოველგვარი ანგარების გარეშე. ასე შეუნარჩუნა შვედეთის ფლოტმა თავის ქვეყანას უზარმაზარი ტყის მასივები, რომლითაც ესოდენ ამაყობ დღეს შვედები. – (ავტორი გენია.ჯი)