მუხრან მაჭავარიანი – „არ შემხვედრია ცხოვრებაში არც ერთი კაცი”
არ შემხვედრია ცხოვრებაში არც ერთი კაცი,
სხვა ნაკლთან ერთად, რომ ეს ერთიც არ ჰქონდეს ნაკლი:
შესაძლებლობას თვალშისაცემს შეგამჩნევს რაკი, -
სურს: იყო კარგი, ოღონდ არა თვით მასზე კარგი!
* * *
ჯერ კაცსა ამას, შურიანი არ ეთქმის კაცი! -
რას ერჩი! – ქებულს, – შენც ქებული, – რომ იყო უნდა!
მაგრამ თუ ერთხელ შენ ამ კაცის შეგაქეს თვალწინ, -
მისი ეს ნაკლი მყის შენდამი იქცევა შურად!
* * *
მერე კი, – მორჩა!
იგი უკვე მტერია შენი!
ნურა სიკეთეს უკვე ნუღარ მოელი მისგან!
მტრად რომ გიქციოს მეგობარი
(თან – ასე ხელად), -
ამისთვის ზოგჯერ ეს პაწიაც კი კმარა ბიძგი!