ტარიელ ჭანტურია – „ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი”
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,
ფრინველების პო, პაუნდი, ჟიდი,
უცხო ქვეყნის ზნემაღალი გიდი,
სამოსელი სულ უბრალო, ჩითი.
სამოთხისკენ გაშვერილი თითი,
სახელს აყრის ლეგენდის და მითის,
არ სჭირდება ფანჯარა და ხიდი,
სხვა ქვეყნებში უვიზოდაც მიდის.
აქვს ნამდვილი ანგელოზის ვიდი,
არც დამბაჩა, არც ტყვიების მჭიდი,
წყნარი, წყნარი,
კეთილი და მშვიდი.
ყველას გვახსოვს მშვენიერი წამი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,
მორჩი ბიჭო, სხვის ბუდეში ჭიტინს,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.