ტარიელ ჭანტურია – „შეპირისპირებები”
შველის საქმეს, იმედი? მე მგონია, შველის!
შეპირისპირებები – ახლისა და ძველის.
შეპირისპირებები – მშრალისა და სველის,
შეპირისპირებები – მოკლისა და გრძელის,
შეპირისპირებები – ძუნწისა და ქველის,
შეპირისპირებები – კისკისის და ხველის,
შეპირისპირებები – მტრედისა და გველის,
შეპირისპირებები – ცივისა და ცხელის,
შეპირისპირებები – ბუს და ღვთისმეტყველის,
კაცის ორგულისა და კაცის გამყიდველის,
ქალის უმადურის და ქალის მადლობელის,
გამობერილ მუცლისა და წერწეტა წელის,
ყინულოვან მწვერვალის და კაშკაშა ველის,
ქონით წაშლილ ყელის და მოღერებულ ყელის,
იდიოტი კოჩობას და ანდრეი ბელის,
შეპირისპირებები – ნაწილის და მთელის,
შეპირისპირებები – ფეხისა და ხელის,
შეპირისპირებები – ჩქარისა და ნელის,
ტიპის მაწყევარის და ტიპის მომლოცველის,
კიდევ რამდენს რამდენთან შედარება ელის.