ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი სწავლულისა და გამომგონებლის – ნიკოლა ტესლას (1856-1943 წლები) ფინანსური სიძნელეები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც იგი ნიუ-იორკში განთავსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო – „Waldorf-Astoria”-ში გადავიდა საცხოვრებლად. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად წარმოშობილი ფინანსური სირთულეებისა, ერთობ პეწენიკი მეცნიერი კვლავაც ძველებურად, მუდმივად განაგრძობდა ელიტურ რესტორნებში ვახშმობას თავის მრავალრიცხოვან პოტენციურ ინვესტორებთან და ჟურნალისტებთან ერთად. 1915 წლისათვის ტესლას ფინანსური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იგი იძულებული გახდა მის მიერ დაპროექტებული პირველი უსადენო სატელეკომუნიკაციო ანძა – „ვორდენკლიფის კოშკი”-ც კი გაეყიდა. აღებული თანხის ნაწილით ნიკოლა ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს ანაზღაურებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა, რამდენიმე ხანში, ფუფუნებისა და კომფორტის მოყვარულ ტესლას ის ფულიც შემოელია. ამ შემთხვევაში მეცნიერს ძალიან გაუმართლა, რადგან 1933 წლიდან ამაგდარი სწავლულის სასტუმროს ხარჯების დაფარვა საკუთარ თავზე აიღო ერთ-ერთმა წამყვანმა ელექტროტექნიკის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ – „Westinghouse Electric”-მა. კომპანია სასტუმროს მომსახურების ხარჯების დაფარვას ნიკოლას გარდაცვალებამდე, ანუ, მთელი 10 წლის განმავლობაში განაგრძობდა. – (ავტორი გენია.ჯი)