ჟორჟ სანდი – „ეპიზოდი”
ნაპოლეონის არმიის მარშალის, იოაჰიმ მიურატის პოლკოვნიკი ადიუტანტის – მორის დიუპენისა და პარიზის ქუჩებში ჭივჭავებით მოვაჭრის საეჭვო რეპუტაციის მქონე ბოშა მოცეკვავე ქალიშვილის – ანტუანეტა-სოფია-ვიქტორია დელაბორდის „სიყვარულის ნაყოფი” – ამანდინა ავრორა ლიუსილ დიუპენი (1804-1876 წლები), იგივე – ჟორჟ სანდი, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწერალ ქალს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს მით უფრო საყურადღებო გარემოებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, სწორედ მის ეპოქაში რომ ბრწყინავდნენ მსოფლიო ლიტერატურის ისეთი „მამები”, როგორებიც გახლდნენ – ვიქტორ-მარი ჰიუგო და ონორე დე ბალზაკი.
გარდა ლიტერატურული მოღვაწეობისა, იგი ასევე სახელგანთქმული გახლდათ თავისი რომანტიკული თავგადასავლებითა (მათ შორის ფედერიკ შოპენთან) და ექსტრავაგანტული გამოსვლებით. ფრანგი ფემინისტი ქალი საზოგადოებაში გამოჩენას მამაკაცის სამოსით ამჯობინებდა ყოველთვის. ეს კი, მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მაცხოვრებელი ქალისთვის პოლიციის ნებართვის გარეშე ყოვლად დაუშვებელი მოვლენა გახლდათ. ამას გარდა, საზოგადოებაში შოკს იწვევდა ისიც, რომ ჟორჟ სანდი მათ თვალწინ მოიხმარდა თამბაქოს (ეს იმ დროს ყოვლად დაუშვებელ მოვლენად მიიჩნეოდა). თუმცა მისთვის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონისათვის საფრანგეთში, ყველაფერი დასაშვები იყო. შედეგად, იგი არად დაგიდევდათ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს და ყოველგვარი ნებართვის გარეშე იქცეოდა ისე, როგორც თავად მოესურვებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)