შტეფან ცვაიგი – მარიამ სტიუარტის შესახებ…
„მარიამ სტიუარტის ცხოვრება ასე ტრაგიკულად არ იქცეოდა, ბედს რომ მისთვის ამქვეყნიური ძალაუფლება მაცდურად და განუსჯელად არ ჩაეგდო ხელში. მისი სწრაფი აღმასვლა რაკეტის ქროლას მოგვაგონებს. ექვსი დღისა შოტლანდიის დედოფალი გახდა, ექვსი წლისა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი პრინცის სახელდებული, ჩვიდმეტი წლისა კი – საფრანგეთის დედოფალი. ჯერ მის სულში გაზაფხული არ დამდგარიყო, რომ ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია. ყველაფერი ციურ მანანასავით ესხურებოდა, უშრომლად და გაურჯელად… მემკვიდრეობა, ჯილდო, მადლი… ვით სიზმარში, ნაირფერ ნისლში გახვეული თავის თავს ხან საქორწინო, ხან სადედოფლო ტანსაცმელში ხედავდა. მაგრამ სანამ გრძნობები გაეფურჩქნებოდა, მისი გაზაფხული დაჭკნა, ნიავმა გაფანტა ყვავილი და გამოიღვიძა იმედგაცრუებულმა, დაბნეულმა, მოტყუებულმა, განძარცვულმა დედოფალმა. იმ ასაკში, როცა სხვები ნატვრას იწყებენ, გულში იმედები აღეძვრით, მიისწრაფვიან, მან ყოველივე ამქვეყნიური სიამე იგემა, მაგრამ ვერ მოასწრო სულიერად დამტკბარიყო მიღწეულით. სწორედ ამ ნაადრევ ბედის ტრიალში იმალება მისი მოუსვენრობისა და დამოუკიდებლობის იდუმალება: ვინც პირველობას იყო ჩვეული თავის სამეფოში, მთელ ქვეყნიერებაზე, ასე იოლად ვერ შეგუებოდა მწარე ხვედრს – არარაობას. მხოლოდ სუსტი ბუნების ადამიანები ემორჩილებიან და ივიწყებენ ყველაფერს, ძლიერნი კი ბობოქრობენ და უთანასწორო ბრძოლაში ებმებიან ყოვლისშემძლე ბედთან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თორმეტი წელიწადი იცხოვრა მარიამმა საფრანგეთში, დიდებულ სამეფო კარზე და მრავალი სიხარული მიანიჭა მას ამ მშვენიერმა, უხვმა ქვეყანამ. ამიტომაც გაუჭირდა ესოდენ საფრანგეთის დატოვება. შედეგად, საფრანგეთი უფრო იყო მისთვის სამშობლო, ვიდრე მისი უსიხარულო ბავშვობის შოტლანდია”.
* * *
„მარიამ სტიუარტი არასოდეს გაჩერდებოდა იქ, სადაც პირველი სხვა იყო. მისი ამაყი, მგზნებარე გული ვერ დაკმაყოფილდებოდა მოკრძალებული ხვედრით – ნახევარი ხარისხით. არარაობას სიკვდილი ერჩივნა”.
* * *
„პოლიტიკურმა უტაქტობამ, ყმაწვილქალობაში უფრო პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით და არა გონივრული გადაწყვეტილებით ჩადენილმა შეცდომებმა იგი დაღუპვამდე მიიყვანა, რადგან შეურაცხყოფა მიაყენა ევროპის უძლიერეს ქალს – ელისაბედ პირველს და იგი დაუძინებელ მტრად გაიხადა”.
* * *
„ქალმა მოგვიტანა გვირგვინი და ქალი დაგვაკარგვინებსო”. – ასე იწინასწარმეტყველა შოტლანდიის მომაკვდავმა მეფემ – იაკობ მეხუთემ, როდესაც მას ქალიშვილის (მარიამ სტიუარტის) დაბადება ახარეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სტიუარტების შთამომავლობა და ამასთან შოტლანდიის ტახტზე ჯდომა ბედისგან ორგზის დაწყევლას ნიშნავდა, რადგან არც ერთ სტიუარტს დიდხანს და ბედნიერად არ უმეფია. ორი მეფე – იაკობ I და იაკობ III მოკლეს, ორი – იაკობ II და იაკობ VI ბრძოლის ველზე დაეცა, ორ შთამომავალს კი ამ უსუსურ ბალღსა და მის ღვიძლ შვილიშვილს, კარლოს პირველს, კიდევ უფრო მწარე ხვედრი – ეშაფოტი არ გუნა ბედმა. ატრეის ამ შთამომავალთ არც ერთს არ მიუღწევია მოხუცებულობამდე, არც ერთისთვის არ გაუღიმია ბედს, არც ერთი არ დაბადებულა ბედნიერ ვარსკვლავზე, მუდამ გარეშესა თუ შინაურ მტრებს ეომებოდნენ, მუდამ არეულობაში იყვნენ. არც მათ იცოდნენ რა იყო სიმშვიდე და არც მათმა ქვეყანამ”.