გეორგ გროსი – „დიდი ქალაქი”
„დიდი ქალაქი” – წარმოადგენს ცნობილი გერმანელი მხატვრის, გრაფიკოსისა და კარიკატურისტის – გეორგ ერენფრიდ გროსის (1893-1959 წლები) მიერ ზეთის საღებავის მეშვეობით ტილოზე დახატულ სურათს, რომელიც თავის დროზე, გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ „დეგენერატული ხელოვნების” ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად მიიჩნია. (ავტორი გენია.ჯი) სურათი სიმაღლით 100 სანტიმეტრი, ხოლო სიგანით – 102 სანტიმეტრი გახლავთ და მასზე მუშაობა ავტორმა 1916-1917 წლებში აწარმოა.
ამა თუ იმ ქალაქის გიგანტურ მეტროპოლიად გადაქცევა XX საუკუნის დასწაყისში მოღვაწე მხატვართა საყვარელ თემატიკად მიიჩნეოდა. შედეგად, ისინი ხშირად ასახავდნენ თავიანთ ტილოებზე მეტროპოლისად ქცეულ ქალაქთა ხედებს. სხვა მრავალი მხატვრის მსგავსად, ასეთივე თემატიკით გახლდათ გატაცებული გეორგ გროსიც, ვინაც ზემოაღნიშნული სურათით პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ბერლინი წარმოგვიდგინა ექსპრესიონისტულ სტილში. ტილოზე, სადაც აშკარად სჭარბობს წითელი ფერი, ავტორმა ფართოდ გამოიყენა კუბიზმისა და ფუტურიზმის შტრიხები. ქალაქის ცხოვრების დაძაბული რიტმი, რომელიც მასზეა ასახული, „დიდ ქალაქს” აპოკალიპტური ხასიათს სძენს.
ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გროსის ნამუშევარი „დეგენერატული ხელოვნების” გამოფენაზე წარადგინეს. რამდენიმე ხანში, იგი ნაცისტურმა რეჟიმმა „გადაიარაღების” პროგრამის ფარგლებში შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში არსებულ „ფიშერის გალერეას” მიჰყიდა. მოგვიანებით მისი მფლობელი გახდა აშშ-ი (ნიუ-იორკში) ემიგრირებული გერმანელი დილერი – კურტ ვალენტინი. ასე მოხვდა თავდაპირველად გეორგის შესანიშნავი ტილო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში, რომელიც „დიდი ქალაქი”-ს ავტორის მეორე სამშობლოდაც იქცა მოგვიანებით. აშშ-ი დასახლებულმა გროსმა როგორც კი გაიუმჯობესა თავისი ფინანსური მდგომარეობა, უმალვე გამოისყიდა ტილო მისი უწინდელი მფლობელისაგან. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, საბოლოო ჯამში, გეორგ გროსის სურათმა – „დიდი ქალაქი”, მადრიდში განთავსებულ „ტისენ-ბორნემისის მუზეუმში” დაიდო ბინა. იმ მუზეუმში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო მუზეუმად არის მიჩნეული დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)
გეორგ ერენფრიდ გროსი