კარლ XII – „ეპიზოდი”
„ჩრდილოეთის ალექსანდრედ” წოდებული შვედეთის მეფე – კარლ XII (1682-1718 წლები), ვისაც სკანდინავიის ისტორიის ცნობილი შოტლანდიელი პროფესორი – ენტონი აპტონი „ქარიზმატულ პსიქოპათად” მოიხსენიებდა, სულ რაღაც თექვსმეტიოდე წლის ასაკში იყო, როდესაც თავისი პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო დანიური ქალაქის – კოპენჰაგენის ალყის მიმდინარეობისას. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქზე განხორციელებული პირველი შტურმის დროს ყმაწვილმა მონარქმა გენერლებს გულუბრყვილოდ ჰკითხა, თუ რა გამოსცემდა ესოდენ უცნაურ ხმებს, რომელიც მას ასე გამუდმებით ესმოდა?! უჩვეულო შეკითხვით გაოცებულმა გენერლებმა ერთმანეთს მრავლისმეტყველად გადახედეს, ბოლოს კი ერთმა მათგანმა მეფეს ღიმილით უპასუხა: „ეს ტყვიების ხმაა, თქვენო უდიდებულესობავ!” კარლი გაცემულმა პასუხმა თავდაპირველად დააბნია, თუმცა მალევე მოძებნა საკუთარ თავში ძალა და ისეთი სერიოზულობით გააკეთა განცხადება, რომ მის გენერლებს ღიმილი სახეზე შეაშრათ: „ამ მომენტიდან ტყვიის ხმა ყველაზე კარგი მელოდია იქნება ჩემთვის ამ ქვეყნად”.
მას შემდეგ, ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფიის განსაკუთრებულად მოყვარულმა მეომარმა მონარქმა უამრავი სისხლისმღვრელი ბრძოლა გადაიხადა. ბედის ირონიით, იგი სწორედ რომ იმ „ხმის მსხვერპლი” გახდა, რომელსაც ყველაზე კარგი მელოდია უწოდა ამ ქვეყნად თავის დროზე: კარლ XII ნორვეგიული ქალაქის – ფრედრიკსჰალდის აღების დროს იქნა განგმირული ტყვიით. შვედ მონარქს სიცოცხლე თავში მოხვედრილმა ტყვიამ მოუსწრაფა. – (ავტორი გენია.ჯი)
კარლ XII-ეს მუმიფიცირებული თავი, სადაც კარგად ჩანს ნატყვიარი