ტარიელ ხარხელაური – „ვაიმე, ჩემო ტკივილო”
ვაიმე, ჩემო ტკივილო, -
ჯანღად აყრიხარ თვალებს,
დამკლავენ, ისევ ვცოცხლდები,
ვცოცხლდები ისევ მკლავენ.
არყოფნა მეტის-მეტია,
ყოფნაა უფრო მწარე.
* * *
ნეტავ, სადა ჰყეფ, ყორანო,
შენი არ მომდის ჩქამი.
არ მინდა, რატომ მიბრალებთ,
ან რა მჭირს შესაბრალი…
თუ ვისი რამე მემართა,
გადავიხადე ვალი.
* * *
სხვა ვიღა უნდა მომიკლა,
რომ გამიხელო წყლული,
ასე არასდროს ვყოფილვარ
ტკივილებისგან სრული.
* * *
შენ სახეს მიჩენ, სიკვდილო,
არც მე ვარ დანისლული.
წავიქცე ბევრიც მინდოდეს,
ნებას არ მომცემს სჯული.