ჯონ ჰარვი კელოგი – „ეპიზოდი”
ცნობილი ამერიკელი ექიმი-დიეტოლოგი – ჯონ ჰარვი კელოგი (1852-1943 წლები), ვინაც განსაკუთრებით სექსოლოგიის დარგში გაითქვა სახელი და, ვის სახელთანაც ასოცირდება ეგზომ პოპულარული საკვები პროდუქტის – „სიმინდის ბურბუშელას” გამოგონება (დააპატენტა 1906 წელს), ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ვეგეტარიანელობის გულმხურვალე აპოლოგეტი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი 1879 წლის 22 თებერვალს დაქორწინებული იქნა – ელა იტონზე. ცოლ-ქმრის წყვილს 8 „კანონიერად გაფორმებული” შვილიც გააჩნდათ. ამ შემთხვევაში საკვირველი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება. მიუხედავად ხანგრძლივი თანაცხოვრებისა, კელოგი არასოდეს შესულა ინტიმურ კავშირში საკუთარ მეუღლესთან. „ჩემს ცხოვრებაში არა მხოლოდ არასოდეს მქონია სექსუალური კავშირი ცოლთან, არამედ მასთან ერთად არასოდეს დამიძინია ერთ ოთახშიო”, – დიდი სიამაყით განუცხადებია კიდეც სიცოცხლის მიწურულს ამერიკელ მედიკოსს. ის 8 „კანონიერად გაფორმებული” შვილი, რომელიც ზემოთ ავღნიშნე, კელოგების უცნაურმა წყვილმა ობოლ ბავშვთა თავშესაფრებიდან აიყვანა თავის დროზე. საერთო ჯამში კელოგებმა 49 ბავშვი იშვილეს, თუმცა მათგან კანონიერი უფლებებით მხოლოდ 8 მათგანი აღჭურვეს. – (ავტორი გენია.ჯი)