ტარიელ ჭანტურია – „სანამდე არმაზს ახვევია მგლების ხროვები”

სანამდე არმაზს ახვევია მგლების ხროვები,

და მათ ყმუილზე იბზარება ძველი ქვიტკირი,

ოპტიმალური ვარიანტი ჩემი ცხოვრების -

მხოლოდ სიკვდილი!

ვიმეორებ:

მისთვის სიკვდილი!

* * *

ავარდა კვამლი ღრუბლის ცისფერ სამრეცხაოებს!

ღარიბი დედა ჯაფას უძლებს ბალღის ტიტინით…

და ერთადერთი მართალი გზა ბიჭის ცხოვრების -

მისთვის სიცოცხლე!

ვიმეორებ: მისთვის სიკვდილი!

* * *

ქართლის ტყეებში ძველებურად კრიფე მოცხარი!

კვლავ შეახიე ველურ ეკალს ბლუზა სატინის!

იცოცხლე ასე! ოღონდ სანამ გქვია ცოცხალი,

ერთი აქვს აზრი შენს სიცოცხლეს: მისთვის სიკვდილი!..

კომენტარის დატოვება