ერნან კორტესის პირველი შეხვედრა მონტესუმასთან
„ჩვენ ბევრი არა ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს სიმტკიცეშია და თუ ის არ გვიღალატებს, ეჭვი ნუ გექნებათ: მამაზეციერი, რომელსაც ჯერ არასოდეს არ მიუტოვებია ესპანელები წარმართებთან ბრძოლაში, არც თქვენ არ მიგატოვებთ და დაგიცავთ, თუნდაც მტრებით იყოთ გარშემორტყმულნი, რადგან თქვენი საქმე სამართლიანია და თქვენ იბრძვით ჯვრის წინამძღოლობით. აბა, წინ, ნუ დაჰკარგავთ რწმენასა და სიმხნევეს… ასე დაწყებული საქმე ღირსეულ დასასრულამდე მიიყვანეთ”. – ამ სიტყვით თავის ჯარისკაცებს ესპანელმა მამაცმა ავანტიურისტმა და ეშმაკმა პოლიტიკოსმა – ერნან კორტესმა (1485-1547 წლები) მიმართა აცტეკთა იმპერიაზე გალაშქრების წინ. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს მას ხელთ ეპყრა შავი ხავერდის დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო წითელი ჯვარი და ოქროთი ლათინურად ამოქარგული სიტყვები: „მეგობრებო, მივყვეთ ჯვარს! მორწმუნეებს ეს ნიშანი გაგვამარჯვებინებს”.
1519 წლის 8 ნოემბერს ესპანელმა კონკისკადორმა პირველად შედგა ფეხი დასავლეთის სამყაროს დედაქალაქ – ტენოჩტიტლანში. აღნიშნული მოვლენა შემდეგი სახით არის აღწერილი ისტორიულ ანალებში: ქალაქი შუა ტბაში კუნძულზე იყო გაშენებული. კორტესის რაზმმა გაიარა დამბა, რომელიც ქალაქს ხმელეთთან აერთებდა და გასცდა დიდ ასაწევ ხის ხიდს. 400 ესპანელ მეომარს მიჰყვებოდა მათი მოკავშირე ტომების ექვსათასიანი ჯარი. ესენი უმთავრესად ტლაშკალენები იყვნენ. აცტეკების დაუძინებელი და მოსისხლე მტრები. ყოველი ესპანელისთვის ცხადი იყო, რომ მათ საქმე ჰქონდათ ძლიერ სამეფოსთან. ამაზე ლაპარაკობდა არა მარტო იმ ჯარების მრავალრიცხოვნება, ესპანელებისათვის ალყა რომ შემოერტყათ, არამედ მათ წინაშე ამართული შენობების გრანდიოზულობაც.
მთავარ ქუჩაზე ესპანელებმა დაინახეს ჭრელ ტანისამოსში გამოწყობილ ადამიანთა დიდი ჯგუფი. ისინი ნელა მიემართებოდნენ ესპანელების შესახვედრად. წინ სამი მაღალი კარისკაცი მიუძღოდათ ოქროს კვერთხით ხელში, მათ უკან ნელა მოცურავდა ოქროთი მოელვარე ტახტრევანი. იგი მხრებზე შეედგათ აცტეკ დიდებულებს. ტახტრევანზე ამართულიყო ძვირფასი ქვებითა და ვერცხლით შემკული, სხვადასხვა ფერის ფრთებისაგან გაკეთებული ბალდახინი (მდიდრულად მორთული ჩარდახი). კარისკაცები ფეხშიშველები იყვნენ. ისინი მოდიოდნენ დინჯად, თვალებდახრილნი. ესპანელებისაგან გარკვეულ მანძილზე პროცესია გაჩერდა. ტახტრევანი მიწაზე დაუშვეს და იქიდან გადმოვიდა ორმოციოდე წლის მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი. მას სხვებთან შედარებით ოდნავ უფრო ღია ფერის კანი, სწორი, არცთუ ძალიან გრძელი თმა და თხელი წვერი ჰქონდა. მხრებზე მოესხა მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით მოოჭოვილი მოსასხამი, რომელიც ზონრებით ეკვრებოდა ყელზე. ფეხთ ეცვა ოქროს სანდლები. კოჭებზე დახვეული ჰქონდა ოქროთი შემკული ტყავის ღვედები. ორი დიდებულის ხელებზე დაყრდნობილი, ის კორტესისაკენ გაემართა. მიწისთვის ფეხი რომ არ დაეკარებინა, მსახურები წინ ბამბის ქსოვილის საფენს უგებდნენ.
ასე წარუდგა კორტესს აცტეკთა მეფე – მონტესუმა II.
კორტესი ცხენიდან ჩამოხტა, ისიც მონტესუმას მსგავსად დაეყრდნო ორ თავის ოფიცერს და მონტესუმას შესახვედრად წავიდა. ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამ დროს ესპანელ დამპყრობელს ახლდა, ბერნალ დიასი, ორმოცდაათი წლის გასვლის შემდეგ წერდა: „არასოდეს არ დამავიწყდება ეს სურათი. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ იგი მაინც თვალწინ მიდგას, თითქოს ყველაფერი გუშინ მომხდარიყოს”.
როდესაც მონტესუმამ და კორტესმა ერთმანეთს თვალებში შეხედეს და თავისი მეგობრული განწყობილება გამოხატეს, მათი სახით ერთმანეთს პირისპირ შეხვდა ორი სამყარო, რომელთაგანაც ერთ მათგანს მეორე მათგანი უნდა მოესრა სამარადჟამოდ. – (ავტორი გენია.ჯი)