რაფაელი – „ეპიზოდი”
რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ფერმწერი – რაფაელ სანტი (1483-1520 წლები), სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი გახლდათ. მისთვის უცხო იყო შური, ბოროტება და სხვა ამგვარი ადამიანური მანკიერებანი. (ავტორი გენია.ჯი) მისი თანამედროვეების ცნობით, რაფაელი ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი პიროვნება ყოფილა და ყოველთვის მზად იყო ხელი გაემართა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანებისათვის. მხიარული, კეთილშობილი და სამყაროზე შეყვარებული გენიოსი მუდმივად გარშემორტყმული გახლდათ მეგობრებითა და მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა დიდი არმიით. რაფაელის საპირისპიროდ, მიქელანჯელო ბუონაროტი ერთობ გულჩათხრობილი, მარტოხელა, პირქუში და სკანდალურად ცნობილი პერსონა გახლდათ. „თქვენ ყოველთვის ისე ხართ გარშემორტყმული ხალხით, როგორც რომელიმე სახელოვანი გენერალიო”, – სარკაზმულად უთქვამს ერთხელ სანტისათვის მიქელანჯელოს, რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიუღია – „თქვენ კი ყოველთვის მარტო ხართ, ჯალათის მსგავსადო”.
მიქელანჯელოს რომ რაფაელი არ უყვარდა, ცნობილი ფაქტია. ის კი არადა, ბუონაროტი იმასაც ამბობდა, რაც კი რამ რაფაელმა იცის, ჩემი შემოქმედებიდან ისწავლაო. მიუხედავად ამისა, მიქელანჯელოს მაინც უხდებოდა სანტის გენიის აღიარება, რაც ამ პატარა ისტორიაშიც კარგად ჩანს: ერთხელ მიქელანჯელო ექსპერტის რანგში მიწვეული იქნა რაფაელის მიერ დაწერილი ფრესკის – „ესაია წინასწარმეტყველის” შესაფასებლად. ფრესკის შემკვეთი, რომელსაც არ სურდა რაფაელისათვის დაპირებული გასამრჯელოს სრულფასოვნად მიცემა, იმედოვნებდა, რომ სანტის მოძულე ბუონაროტი რაფაელის ქმნილებას წუნს დადებდა, რაც თავის მხრივ, ფულს დაუზოგავდა მას. თუმცა იგი ძალიან შეცდა… ფრესკის სიდიადით მოხიბლულმა მიქელანჯელომ შემკვეთის იმედს „ცივი წყალი” გადაასხა, როდესაც განაცხადა, რომ „ფრესკაზე გამოსახული ესაია წინასწარმეტყველის მხოლოდ ერთი მუხლისთავი ღირდა ის ფული, რაც შემკვეთს რაფაელისათვის უნდა გადაეხადა”. – (ავტორი გენია.ჯი)
„წინასწარმეტყველი ესაია” – (რაფაელი)