მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – „ეპიზოდი”
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების გამოყენება კაცობრიობამ გვიანი შუა საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო. ევროპაში იგი პირველად შემოტანილი იქნა სეფიანთა იმპერიიდან (ირანში არსებული ფეოდალური სახელმწიფო). მოდის დიდი თაყვანისმცემელი ფრანგი მონარქის – ლუი XIV დე ბურბონის უშუალო ინიციატივით, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა საფრანგეთში განსაკუთრებულ პოპულარობას სწორედ რომ მისი მმართველობის ჟამს მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. რაც უფრო მეტ პოპულარობას იძენდა ტანსაცმლის ეს ერთ-ერთი ელემენტი, მით უფრო მეტად ცდილობდნენ ფრანგი მამაკაცები ქუსლები კიდევ უფრო დაეგრძელებინათ თავიანთი ფეხსაცმელებისთვის (თავდაპირველად მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს მხოლოდ მამაკაცები მოიხმარდნენ). საბოლოო ჯამში, საქმე იქამდე მივიდა, რომ ლუი XIV იძულებული გახდა გამოეცა „სამეფო განკარგულება”, რომელიც ქუსლების სიმაღლეს ზღუდავდა ფეხსაცმელებზე. ასე მაგალითად: უბრალო მოკვდავთ, ანუ დაბალი სოპციალური ფენის წარმომადგენლებს – 1, 25 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმის უფლება მიენიჭათ; ბურჟუებს – 2,5 სანტიმეტრი სიმაღლისა; რაინდებს – 3,75 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ქუსლიანი ფეხსაცმელების ტარების ნება დაერთოთ; დიდებულებს – 5 სანტიმეტრი სიმაღლისა. ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების პრივილეგიით, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მონარქი დაჯილდოვდა. მისი ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლედ – 6,25 სანტიმეტრი იქნა განსაზღვრული. – (ავტორი გენია.ჯი)