ისააკ ზინგერი – „ეპიზოდი”
„როგორც ჩანს, იგი უნაკლოა”. – ასეთი სახის ეფექტური სლოგანი წარუმძღვარა თავის ახლად გამოგონებულ საკერავ მანქანას სახელოვანმა ამერიკელმა გამომგონებელმა და მეწარმემ – ისააკ ზინგერმა (1811-1875 წლები). თავდაპირველად, ზინგერის მიერ ბაზარზე შეტანილი ინოვაციური პროდუქციის ფასი თითოეულ ეგზემპლარზე – 100 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად კოლოსარული ტექნოლოგიური გარღვევისა, იმ პერიოდში ასეთი ფასი მართლაც რომ ძალიან მაღალი იყო, რაც დიასახლისთა უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომი არ გახლდათ. დიდი კომპანიები კი, რომლებიც სამკერვალო საქმით იყვნენ დაკავებულნი და რომლებიც სულაც არ იყვნენ დაინტერესებულნი მუშახელის შრომის პირობების გაუმჯობესებით, ზინგერის ინოვაციური პროდუქტის შეძენისაგან თავს იკავებდნენ.
მიუხედავად ამისა, მიზანსწარფული ისააკი არ ნებდებოდა.
მან, ამ ორ მეტრიანმა გიგანტმა კაცმა პირადად დაიწყო ზინგერის საკერავი მანქანების გაყიდვა ბაზრობებზე, ამა თუ იმ ფესტივალებზე, საქველმოქმედო ღონისძიებებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ისააკის მიერ გამართული ყოველი ასეთი ვაჭრობა ერთგვარი თეატრალური წარმოდგენის თანხლებით იმართებოდა, რაც ხელს უწყობდა მისი პროდუქტის სათანადო რეკლამირებას. გარდა ნაღდი ფულისა, ისააკი საკერავ მანქანებს მათი შეძენის მსურველებს კრედიტითაც აძლევდა.
მას შემდეგ გავიდა შვიდი წელი. ახლა უკვე ზინგერმა თითოეული საკერავი მანქანის ფასი 100 დოლარიდან 10 დოლარამდე დაწია, რამაც ფანტასტიკური ეფექტი გამოიღო. მათი შეძენა უკვე ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს შეეძლო სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად, ამერიკელმა გამომგონებელმა სრული გამარჯვება მოიპოვა.
აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ისიც, რომ სწორედ ისააკ ზინგერი გახდა პირველი ბიზნესმენი ისტორიაში, ვინაც მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა თავისი ინოვაციური პროდუქციის რეკლამირებაში. – (ავტორი გენია.ჯი)