ფერდინანდ I ნეაპოლელი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის ფურცლებზე უამრავ შიზოიდ მმართველს აქვს ბინა დადებული. მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერსონას წარმოადგენს უკიდურესი სისასტიკით გამორჩეული ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი ნეაპოლის სამეფო ტახტზე - ფერდინანდ I ნეაპოლელი (1423-1494 წლები). სამეფო ძალაუფლებით აღჭურვილი ალფონსო მეხუთეს უკანონო ვაჟიშვილი მიიჩნევდა, რომ ისე არაფერი აუმჯობესებდა საჭმლის მომნელებელ სისტემას, როგორც დამარცხებული, მიწაზე გაკრული მტრის ხილვა. (ავტორი გენია.ჯი) მტრები კი, რომელთაც ფერდინანდი უსასტიკესად უსწორდებოდა, იცოცხლეთ და, მას მართლაც რომ ბევრი ჰყავდა. მეთოდი, რომლითაც იგი თავის მტრებს უსწორდებოდა, დღემდე აოგნებს საღად მოაზროვნე ადამიანებს.
ფერდინანდის სამეფო კარზე ყოველთვის ბინადრობდნენ ის მედიკოსები, რომლებიც ადამიანის ცხედრის დაბალზამების ოსტატები იყვნენ. ისინი თავიანთი მონარქის ბრძანებით მოკლული პირადი მტრების ცხედრებს უმალვე უკეთებდნენ ბალზამირებას, რითაც ფაქტობრივად, მუმიებად აქცევდნენ მათ. შედეგად, ჯერ ერთი ასეთი სახის ფიტული გაჩნდა ოდიოზი ფერდინანდის სამეფო კარზე, შემდეგ, ორი, სამი, ოთხი, ხუთი… ფიტულებად ქცეული ფერდინანდის მტრების რაოდენობა იმდენად იზრდებოდა დროთა განმავლობაში, რომ მათთვის სპეციალური დარბაზის გამოყოფაც კი გახდა საჭირო სამეფო სასახლეში. სტუმრების წინაშე იგი ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებით უწევდა დემონსტრირებას თავის „კოლექციას”. გარდა იმისა, რომ ამით ნეაპოლელი მონარქი ძალიან ამაყობდა, იგი ასევე ფსიქოლოგიურადაც თრგუნავდა სტუმრებს.
ფერდინანდის სიშლეგე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. იგი ხშირად სადილობდა თავისი მტრების მუმიებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, მისი ბრძანებით სათანადოდ მოსავდნენ მათ. ეს ამაზრზენი ქმედება ხშირად მეფის ქვეშევრდომებსა და მოსამსახურეებს გონებასაც კი აკარგვინებდა. მიუხედავად ამისა, მონარქი თავისას მაინც არ იშლიდა, რადგან იგი ყველაზე კარგ გასართობ საშუალებად მიაჩნდა. „ასეთი რამ მადას ერთი-ორად აღმიძრავსო”, – შენიშნავდა კიდეც ფერდინანდი. ტრაპეზის ჟამს, სუფრასთან „შემომსხდარი” ოპონენტების მუმიებს მეფე ეუბნებოდა ყველაფერ იმას, რისი თქმაც მან მათი სიცოცხლის ჟამს ვერ მოასწრო. მას ისიც ძალიან ხიბლავდა, რომ მოსისხლე მტრის ფიტულები გასაგები მიზეზების გამო, პასუხს ვერ აძლევდნენ თავიანთ შეურაცხმყოფელს.
მედიკოსთა დასკვნით, ფერდინანდ I ნეაპოლელი არა მხოლოდ ნამდვილი სოციოპათი, არამედ პარანოიით შეპყრობილი ადამიანიც გახლდათ. ზემოაღნიშნული მისი ამორალური თვისებები მედიკოსთა დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველს მართლაც რომ არ იძლევიან. – (ავტორი გენია.ჯი)