მორის ფოცხიშვილი – „ორი გოგონა მიყვარდა” (კაფია)

ორი გოგონა მიყვარდა -

ხან ისა მწვავდა,

ხან ესა…

ერთი წყალგაღმა ცხოვრობდა,

ერთი გამოღმა მხარესა.

ერთ დღეს წამწამებს ვფიცავდი,

ერთ დღეს ჟუჟუნა თვალებსა…

ორი გოგონა მიყვარდა -

ხან ისა მწვავდა,

ხან ესა.

რა ესმათ ჩემი ავ-კარგი

და ეშმაკობა რა ესმათ,

ორივე ერთად დავკარგე,

ორივე ერთად გამექცა…

ერთგან შუადღეს ვიარე,

ერთგანაც შუაღამესა,

ორივე უბრად მხვდებოდა -

ხან ის მდუღრავდა,

ხან ესა.

ახლა ცალ-ცალად დავდივართ,

ავდარია თუ დარია -

ორი გოგონა მიყვარდა,

ჰოდა, რა ჩემი ბრალია?!

კომენტარის დატოვება