ვლადიმერ ლენინი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის - ვლადიმერ ლენინის (1870-1924 წლები) უახლოეს გარემოცვაში მყოფი მრავალრიცხოვანი ქალბატონებიდან, კერძების მომზადების ხელოვნებით ვერც ერთი მათგანი ვერ დაიკვეხნიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ძალიან ცუდი მზარეულები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: 1917 წლის რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედის დედა – მარია ალექსანდრეს ასული ბლანკი (ულიანოვა), შესანიშნავი ლიტერატურათმცოდნე ქალი გახლდათ. გარდა ამისა, იგი ფლობდა რამდენიმე უცხო ენას – ინგლისურს, ფრანგულსა და გერმანულს; უკრავდა ფორტეპიანოზე და იცოდა ქსოვა. მაგრამ, აი, კულინარიულ საკითხში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მართლაც რომ ძალიან დაბალი იყო. მარიას მსგავსად კულინარიაში ერთობ მოიკოჭლებდნენ მისი ქალიშვილებიც, ანუ ლენინის დები – ანა, ოლგა და მარია.
მიუხედავად იმისა, რომ ლენინის ერთ-ერთი ფავორიტი ქალი (საყვარელი) – ინესა არმანდი ფრანგული წარმომავლობის მქონე ქალბატონი იყო, მასაც არაფერი გაეგებოდა კულინარიისა. და ეს მაშინ, როდესაც იგი ეგზომ მდიდარი კულინარიული ტრადიციების მქონე ქვეყნის შვილს წარმოადგენდა. ამ მხრივ ლენინს არც მეუღლეში გაუმართლა: ნადეჟდა კრუპსკაია მისი ერთგული თანამებრძოლი კი იყო რევოლუციურ ბრძოლაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან ცუდი მზარეული გახლდათ. ნადეჟდას თანამედროვეთა ცნობით, იგი საერთოდ არ იყო კულინარიული ხელოვნების გაგებაში და კვერცხის შეწვის მეტი არაფერი იცოდა. ის კი არადა, ულიანოვების ოჯახი მშიერი რომ არ დარჩენილიყო, ცოლ-ქმრის წყვილთან საგანგებოდ ცხოვრობდა გარკვეული ხნის განმავლობაში ლენინის სიდედრი – ელისაბედ ტისტროვა. ქალი, რომელიც საკუთარი ქალიშვილისაგან განსხვავებით, ძალიან კარგად ერკვეოდა კულინარიულ საკითხებში და შესაბამისად, კარგი მზარეულიც გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია ბლანკი (ლენინის დედა)
ინესა არმანდი (ლენინის საყვარელი ქალი)
ნადეჟდა კრუპსკაია (ლენინის მეუღლე)