ამერიგო ვესპუჩი – „ეპიზოდი”
ერთობ მოკრძალებული და თავმდაბალი ბუნების მქონე საყოველთაოდ ცნობილ იტალიელ ვაჭარს, მკვლევარსა და კარტოგრაფს – ამერიგო ვესპუჩის (1454-1512 წლები), ვისი სახელიც (ამერიკა) ეწოდა ახლად აღმოჩენილ ორ უზარმაზარ კონტინენტს დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში, არაკეთილმოსურნეები პატივმოყვარეობასა და სიყალბეში სდებდნენ ბრალს. (ავტორი გენია.ჯი) სევილიელ მწნილით მოვაჭრეს, რომელსაც არასოდეს უთქვამს, რომ პირველმა მან აღმოაჩინა ამერიკა, ქრისტეფორე კოლუმბის იგნორირებაში სდებდნენ ბრალს და უპატიოსნო სახელით მოიხსენიებდნენ. „უცნაურია, რომ ვრცელმა ამერიკამ უნდა ატაროს ქურდის სახელიო”, – ამბობდნენ ვესპუჩის მოშურნეები.
სასამართლო პროცესზე – „კოლუმბი ვესპუჩის წინააღმდეგ”, რომელიც ქრისტეფორესა და ამერიგოს გარდაცვალების შემდგომ იქნა გამართული, ვესპუჩის მხარე ყველასდა გასაკვირად სწორედ იმ ადამიანმა დაიჭირა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ ამას. ეს ადამიანი გახლდათ კოლუმბის ვაჟიშვილი – დიეგო კოლუმბი. მან სასამართლოს წარუდგინა მამის წერილი, რომელშიაც ქრისტეფორე ამერიგოს – გულითად მეგობრად მოიხსენიებდა. სრული ტექსტი კი აღნიშნული წერილისა შემდეგი გახლდათ:
„ჩემო ძვირფასო შვილო, დიეგო მენდესი აქედან გაემგზავრა ორშაბათს, ამ თვის სამში. მისი გამგზავრების შემდეგ მე ვესაუბრე ამერიგო ვესპუჩის, რომელიც მიემგზავრება სამეფო კარზე, სადაც მიიწვიეს, რათა მოეთათბირონ ნაოსნობის ზოგიერთ საკითხზე. ის ყოველთვის მზად იყო დამხმარებოდა, ის პატიოსანი კაცია. ბედი მასაც არ უღიმოდა, ისევე როგორც ბევრ სხვას. მისმა შრომებმა მას არ მოუტანეს ის სარგებლობა, რისი იმედიც სამართლიანად შეეძლო ჰქონოდა. ის მიემგზავრება იქით (სასახლეში) მხურვალე სურვილით ხელსაყრელ შემთხვევაში მიაღწიოს ჩემთვის რაიმე სასიკეთოს. მე არა მაქვს შესაძლებლობა აქედან დაწვრილებით ავუხსნა, რით შეეძლო ჩვენთვის სარგებლობის მოტანა, რადგანაც არ ვიცი, რა უნდათ მისგან. მაგრამ ის აღსავსეა მტკიცე სურვილით გააკეთოს ჩემთვის ყველაფერი, რაც კი შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)