ზაურ ბოლქვაძე – „დედა საქართველოვ!”

დიდი იყავ!..

გფარეთ მკერდით!..

გკვებეთ სისხლით!..

გალბეთ ოფლით!..

დღეს,

ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის,

საფლავებად არ გვეყოფი!..

* * *

შენი ღვიძლი მიწა-წყალი

ახატია სხვების რუკებს!

წარიტაცა ზოგმა ძალით!..

ზოგს მიჰყიდეს…

ზოგს აჩუქეს!..

* * *

და რაც დაგვრჩი,

დაგვრჩი მარად!..

დაგვრჩი ხორცად!..

დაგვრჩი ძვლებად!..

დაღუპვისგან დაგვიფარავს

მარტო შენი დასიზმრება!..

* * *

საქართველოს გეტრფით მთლიანს!..

საქართველოს გეტრფით ახალს!..

იცოცხლე და სულ ერთია,

დიდი ხარ თუ პატარა ხარ!..

* * *

უფრო მეტი დაგებადოს -

ერის მშვენი!

ენის მშვენი!..

არ ყოფნიდეს აკვნებადაც

შვილთა შენთა ტყენი შენი!..

* * *

დიდი იყავ!..

გფარეთ მკერდით!..

გკვებეთ სისხლით!..

გალბეთ ოფლით!..

დღეს,

ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის,

საფლავებად არ გვეყოფი!..

კომენტარის დატოვება