ჟან ბედელ ბოკასა – „ეპიზოდი”
„დაშაქრული ღორის ხორცი” – ასე მოიხსენიებდა ადამიანის ხორცს კანიბალიზმში მხილებული XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული დიქტატორი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გაიმპერატორებული პრეზიდენტი - ჟან ბედელ ბოკასა (1921-1996 წლები). მისი პირადი მზარეულის ცნობით, ამ შიზოიდმა მმართველმა ადამიანის ხორცს პირველად გემო 1970-იან წლებში გაუსინჯა. ამის შემდგომ მან კანიბალიზმში ერთგვარ კოლექციონერობასაც კი მიჰყო ხელი: ბოკასა ცდილობდა არა მხოლოდ საკუთარი მტრების ხორცი ეგემნა, არამედ გაესინჯა სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანთა ხორცის გემოც. შედეგად, კანიბალად ქცეული დიქტატორის ლუკმად დროთა განმავლობაში იქცა – ოპოზიციურად განწყობილი პერსონები, რიგი მინისტრებისა, ექიმი-სტომატოლოგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოღვაწე ერთადერთი სწავლული, ქვეყნის სილამაზის პირველ კონკუსრში გამარჯვებული გოგონა…
იგივე მზარეული იმასაც ირწმუნებოდა, რომ უცხოური ვოიაჟების ჟამსაც კი, ბოკასას მენიუ მუდმივად შედგებოდა სამშობლოში დაკონსერვებული ადამიანის ხორცისგანო.
ჟან ბედელი მისთვის განკუთვნილ „სპეციალურ საკვებს” საკუთარ შვილებს სიახლოვეს არ აკარებდა. იგი ამბობდა, რომ ადამიანის ხორცის ჭამა ბავშვებისათვის დაუშვებელი იმ მიზეზით იყო, რომ მათში უთუოდ სისუსტეს გამოიწვევსო. ზოგადად რომ ვთქვათ, ამ ყოვლად ამორალური კანიბალის ბრძანებით, ბოკასას შვილებს სამზარეულოში შესვლაც კი კატეგორიულად ჰქონდათ აკრძალული. – (ავტორი გენია.ჯი)