დავიდ ბენ-გურიონი – „ეპიზოდი”
თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ლეგენდად ქცეულ ერთ-ერთ დამაარსებელსა და ქვეყნის რიგით პირველ და მესამე პრემიერ-მინისტრს – დავიდ ბენ-გურიონს (1886-1973 წლები), ძალიან დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა სიონისტ-რევიზიონისტული მოძრაობის ებრაელ ფუძემდებელსა და ლიდერთან – ვლადიმერ ჟაბოტინსკისთან. (ავტორი გენია.ჯი) ორივე იმდენად ერთგული გახლდათ თავ-თავიანთი პარტიული პრინციპებისა, რომ მათი ურთიერთობა ხშირად გადადიოდა დაპირისპირების რეჟიმში. 1940 წლის 4 აგვისტოს ვლადიმერი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი თხოვნა იყო, რომ ისრაელში გადაესვენებინათ და იქ დაეკრძალათ. პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელი ხალხის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ რამდენიმეჯერ დაისვა მისი ნეშტის ისრაელში გადასვენების საკითხი. თუმცა, რამდენჯერაც დაისვა, იმდენჯერ უარი ეთქვა ბენ-გურიონისაგან ერთმნიშვნელოვანი სიტყვით: „ისრაელს ცოცხალი ებრაელები სჭირდება და არა გარდაცვლილებიო!”
P.S. ჟაბოტინსკის ნეშტის ისრაელში გადასვენება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბენ-გურიონი პრემიერის პოსტზე ლევი ეშკოლმა ჩაანაცვლა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვლადიმერ ჟაბოტინსკი