ვიტისი

ძალაუფლების ერთგვარ სიმბოლოდ ქცეული – ვიტისი წარმოადგენდა მოკლე სიგრძის მქონე ვაზის ლერწმისაგან დამზადებულ ხელჯოხს, რომელიც რომაული ლეგიონების ცენტურიონებს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცების „მართვაში” უწევდა დახმარებას. (ავტორი გენია.ჯი) საქმე იმაშია, რომ ადრეული ეპოქების რომაულ არმიაში მკაცრი დისციპლინა იყო გამეფებული. დისციპლინის დამრღვევ ჯარისკაცებს ცენტურიონები ფიზიკურად სჯიდნენ. ლეგიონერთა დასჯის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად კი ასეთ შემთხვევაში სწორედ რომ ვაზის ლერწმისაგან დამზადებული ვიტისი განიხილებოდა. ამიტომაც ჰქონდა ბევრ რომაელ ლეგიონერს ზურგი აჭრელებული ვიტისის დარტყმებისაგან მიყენებული იარებით.

პორციუსის კანონები, რომელიც შედგენილი იქნა ძვ.წ.აღ-ით II საუკუნეში, რომაელი მოქალაქეების ფიზიკურად დასჯას კატეგორიულად კრძალავდა. თუმცა, ამავე კანონების თანახმად, ერთადერთი, ვისი დასჯაც ფიზიკურად იყო შესაძლებელი, ჯარისკაცები გახლდნენ. ვიტისით დასჯის შემთხვევაში, ჯარისკაცებს უფლება არ ჰქონდათ წინ აღდგომოდნენ ცენტურიონების გადაწყვეტილებას. თუკი დასასჯელი ლეგიონერი შეეცდებოდა ხელიდან წაერთმია ცენტურიონისთვის მასზედ დასარტყმელად შემართული ვიტისი, დამნაშავე ან სამხედრო ჩინით ქვეითდებოდა, ან კიდევ, სხვა სამხედრო ნაწილში გადაჰყავდათ. იმ ლეგიონერს კი, ვინც შეგნებულად გადაუტეხავდა ცენტურიონს ვიტისს, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

ცენტურიონების დიდი ნაწილი მათზე მინიჭებული ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობდა. ისინი ხშირად გადადიოდნენ ზღვარს და განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ დისციპლინის დამრღვევი ლეგიონერის დასჯის დროს, რის გამოც ზიზღის ობიექტები ხდებოდნენ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სისასტიკით გამორჩეული ცენტურიონები გამწარებულ ლეგიონერებს მოუკლავთ. ისტორიამ ერთ-ერთი ასეთი ცენტურიონის სახელიც შემოგვინახა – ლუცილიუსი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>