სი ძინპინი – „ეპიზოდი”
თანამედროვე ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მმართველი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი – სი ძინპინი, ქვეყნიერებას ელიტურ პარტიულ ოჯახში მოევლინა. იგი ბავშვობიდანვე ფუფუნებაში ცხოვრებას დაეჩვია და ბრწყინვალე მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, მოულოდნელად, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. (ავტორი გენია.ჯი) 15 წლის ასაკში მყოფი ყმაწვილის მამა – სი ჩჟუნსიუნი, ვინაც მაო ძედუნის მხარდამხარ იბრძოდა თავის დროზე, დააპატიმრეს. იგი კომუნისტურმა ხელისუფლებამ – საზოგადოების მტრად გამოაცხადა, რასაც მისი ოჯახის წევრების რეპრესირება მოჰყვა თან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩინეთის მომავალი მმართველის სახლში გამძვინვარებული ბრბო შეიჭრა, რა დროსაც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა სი ძინპინის ერთ-ერთი და. რამდენიმე ხანში სი ძინპინი და მისი ოჯახის წევრები გადაასახლეს. გადასახლებაში მყოფ ყმაწვილს უკიდურეს სიდუხჭირეში მოუხდა ცხოვრება. ერთ დროს ფუფუნებაში აღზრდილს ქოხში ცხოვრებაც კი სანატრელი გაუხდა. სი ძინპინი გარკვეული ხნის განმავლობაში გამოქვაბულში ცხოვრობდა. იძინებდა იმპროვიზირებულ საწოლში; მუშაობდა ქანცის გაწყვეტამდე – თესავდა მოსავალს, ატარებდა სასუქს და ერთი ხანობა – პირუტყვსაც აძოვებდა.
ასე გაგრძელდა 7 წლის განმავლობაში…
საკვირველია, თუმცა ახალგაზრდა სი ძინპინი ყოველდღიური ცხოვრების სიმძიმემ წელში კი არ გატეხა, არამედ პირიქით, გააძლიერა. „როდესაც ყვითელ მიწაზე ჩავედი 15 წლის ასაკში, ჩემი მდგომარეობა საშინელი იყო. შექმნილმა სიტუაციამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთობ დამაბნია კიდეც. როდესაც 22 წლის ასაკში ყვითელი მიწა დავტოვე, მე უკვე გამაჩნდა ნათელი მიზანი. გარდა ამისა, საკუთარ შესაძლებლობებშიც ღრმად ვიყავი დარწმუნებული”. – იგონებდა მოგვიანებით სი ძინპინი.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მან კომუნისტური პარტიის რიგებში გაწევრიანება გადაწყვიტა. მის გადაწყვეტილებას გასაგები მიზეზების გამო, ჩინეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. შედეგად მას რამდენიმეჯერ ეთქვა უარი პარტიაში გაწევრიანებაზე. თუმცა მიზანსწრაფულმა ახალგაზრდამ შედეგს საბოლოო ჯამში მაინც მიაღწია და პარტიული ბილეთიც აიღო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გამოქვაბულში ნაცხოვრები სი ძინპინის თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა, რაც მისი უმაღლესი ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა. – (ავტორი გენია.ჯი)
სი ძინპინი მამასთან და ძმასთან ერთად (1958 წელი)