მაფიის ისტორიიდან…
არაბულ ენაზე „მაფია” – „წმინდა ადგილს” ნიშნავს და ეს სიტყვა სიცილიაზე სარაცინთა ბატონობისას X საუკუნეში დამკვიდრდა (გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში მაჰმადიანების მიმართ გამოყენებული ფართოდ გავრცელებული ტერმინი). მთელი ისტორიის მანძილზე სიცილიელ ხალხს უამრავი მტერი ჩაგრავდა: რომაელები, პაპის ხელისუფლება, ნორმანები, ფრანგები, გერმანელები და ესპანელები. (ავტორი გენია.ჯი) მათი ხელისუფლებები სიცილიელ ხალხს მონებივით ამუშავებდნენ, მათ ქალებს აუპატიურებდნენ, მათ წინამძღოლებს ხოცავდნენ. უბედობა მდიდარ სიცილიელებსაც არ ასცდა – ესპანური ინკვიზიცია და წმინდა კათოლიკური ეკლესია ერესის გულისათვის ქონებას ართმევდა და უმოწყალოდ სჯიდა. ყოველივე ამის შედეგად სიცილიაში ჩამოყალიბებული იქნა შურისმაძიებელთა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც – „მაფია” ეწოდა. როდესაც სამეფო სასამართლო უარს ამბობდა ნორმანი დიდებულების გასამართლებაზე, რომელთაც გაუპატიურებებში ედებოდათ ბრალი, გლეხების ჯგუფი ყველასაგან საიდუმლოდ ისხამდა იარაღს და სასტიკად უსწორდებოდა მათ. როდესაც პოლიციის უფროსები ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულებს ციხეში ტანჯვა-წამებით ხდიდა სულს, იგივე საიდუმლო დაჯგუფება მათაც უსწორდებოდა. დროთა განმავლობაში ყველაზე ძლიერი ნებისყოფის მქონე გლეხებმა და ღარიბებმა ხალხის მხარდასაჭერად ორგანიზებული საზოგადოება ჩამოაყალიბეს, რომელიც, არსებითად, ოფიციალურ ხელისუფლებაზე უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდა. უსამართლობასთან საბრძოლველად ამიერიდან ხალხი პოლიციის ნაცვლად მაფიის ადგილობრივ თავკაცთან მიდიოდა და ისიც მუდამ აგვარებდა მათ პრობლემას.
სიცილიელთათვის იმაზე უფრო დიდი დანაშაული არ არსებობდა, ვიდრე ოფიციალური ხელისუფლებისათვის მაფიაზე რაიმე ცნობის მიწოდება. ყველა დუმდა და ამ დუმილის შესაბამისი სახელწოდებაც დაერქვა – „ომერტა”. საუკუნეთა განმავლობაში ხალხის ცნობიერებაში დამკვიდრებული წესის თანახმად, დანაშაულის გაცხადება იმ შემთხვევაშიც კი არ შეიძლებოდა, თუკი ეს დანაშაული შენს წინააღმდეგ იყო ჩადენილი. ხალხსა და ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ყოველგვარი კავშირი გაწყდა; პატარა ბავშვებსაც კი ისე ზრდიდნენ, რომ უცხოსათვის სრულიად უბრალო ცნობებიც კი არ მიეწოდებინათ: თუნდაც ამა თუ იმ სოფლის ადგილმდებარეობის, ანდა ვინმეს საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
მაფია საუკუნეების განმავლობაში განაგებდა სიცილიას, თანაც ისე უხილავად, ისე მოუხელთებლად, რომ ხელისუფლებებმა მისი არსისა და რიგვარობის შესახებაც კი არაფერი იცოდნენ. საყურადღებოა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომამდე სიტყვა „მაფია” ერთხელაც კი არ წარმოთქმულა ხმამაღლა სიცილიის მიწაზე. – (ავტორი გენია.ჯი)